პროკურორი თამაზ ელიზბარაშვილზე: ბრალდებულმა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული

პროკურორი

50 000-ლარიანი ჯარიმა და 9 -თვიანი პირობითი მსჯავრი - თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით პროკურატურას თავად მიმართა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ელიზბარაშვილს ბრალი წაყენებული აქვს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის მუხლით.

"ბრალდებულმა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული. ნებაყოფლობით, ადვოკატების მონაწილეობით დაწერა განცხადება, მიმართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული აღიარების, მონანიების საფუძველზე ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დემონსტრირებას ახდენდა იარაღის, შესაბამისად, შეეშინდათ დაზარალებულებს, აღიქვეს რეალურად ეს განხორციელებული მუქარა და ბრალდებულის შემდგომი ქმედებები, რის საფუძველზეც მას წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც არის მუქარა", - განაცხადა პროკურორმა გოგა კოკაჩაშვილმა.

✕