ძალადობის მუქარით "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულს გირაო შეეფარდა

გირაო

თელავის რაიონულმა სასამართლომ ძალადობის მუქარით "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. 40 წლის მამაკაცს მოსამართლე მარინა ცერცვაძემ 3 500-ლარიანი გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით დააკისრა.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა - სოფელ კურდღელაურის მკვიდრმა ე.პ.-მ 26 მარტს,  "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტსა და ოპერატორს არ მისცა საშუალება, პროფესიული საქმიანობა განეხორციელებინათ და ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა, შეეწყვიტათ სიუჟეტის გადაღება და გავრცელება.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღევანდელ პროცესზე 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა ბრალდების მხარე, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა გაითვალისწინა.

წინასასამართლო სხდომა 30 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.