ძალადობის ბრალდება და სკანდალური განცხადებები - რა ხდება აჩიკო მეფარიძის სასამართლოზე

achiko mefaridze

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომღერალ აჩი მეფარიძის პროცესი იმართება. პროკურატურა მეფარიძეს ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარას ედავება. სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრება.

სხდომაზე ადვოკატმა განცხადება წაიკითხა, რომ მეფარიძეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სურს პროცესი ჩატარდეს ადვოკატის მონაწილეობით. დაზარალებული კი აცხადებს, რომ რომ მეფარიძე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და საზოგადოებამაც უნდა გარიყოს.

„გუშინ, ერთ-ერთ არხს მშვენიერი, ვაჟკაცური ინტერვიუ მისცა, არაფერი ეტყობოდა ავადმყოფობის. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ადამიანი არის მხდალი და გაურბის ყველანაირ თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

ჩემთვის სულ ერთია ეს მოძალადე ვარსკვლავია, ექიმი თუ პრეზიდენტი. 9 თვის განმავლობაში რეაგირება უნდა ყოფილიყო მისი დანაშაულის მიმართ და ძალიან ველოდები, მოვითხოვ უმკაცრეს დასჯას იმიტომ, რომ არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა პირადად ამ მოძალადისგან და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს ჩაიდენს, თუ არ იქნება უმკაცრესად დასჯილი და საზოგადოებიდან გარიყული," - განაცხადა დაზარალებულმა ლელა ჯუღელმა.

სავარაუდო ძალადობის ფაქტი, რომელსაც პროკურატურა მომღერალს ედავება, 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33 ნომერში მოხდა. მეფარიძე თავს უდანაშაულოდ თვლის. ადვოკატი კი პროვოკაციაზე საუბრობს. აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი ოფიციალურად 28 აპრილს წარედგინა. მას შეეფარდა გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით. წარდგენილი მუხლით მას ჯარიმა, შინაპატიმრობა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.