ბადრი ესებუამ ბანკის დაყაჩაღება კიდევ ერთხელ უარყო - ნახეთ, რა თქვა დღევანდელ პროცესზე

ბადრი ესებუა

,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებულმა ბადრი ესებუამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ჩვენება მისცა.

მან დეტალურად გაიხსენა 2021 წლის 21 ოქტომბერი.

ესებუამ თქვა, რომ მას ბანკის თავდასხმასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

როგორც მან აღნიშნა, 21 ოქტომბერს მთელი დღე საკუთარ სახლსა და სოფელში გაატარა. ესებუას თქმით, 23 ოქტომბერს მეგობარი პოლიციელისგან შეიტყო, რომ მისივე თანასოფლლელი მივიდა პოლიციაში , უთხრა , რომ თავდამსხმელის ვინაობა იცოდა და ის დაასახელა. ბრალდებულმა თქვა, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყვიტა სახლი დაეტოვებინა და მიმალვაში ყოფილიყო. როგორც ესებუამ სასამართლოს უთხრა, ის პოლიცელების მხრიდან საფრთხეს სულ გრძნობდა, რადგან ქალაქში გადაადგილების დროს ხშირად აჩერებდნენ და ასევე, სოციალურ ქსელში ბერვრჯერ არაკორექტულად ჰყავს მოხსენიებული.

,,კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მე არაფერი ვიცი, ვიცი ის მხოლოდ რაც ტელევიზიით და აქ სასამართლო პროცესებზე მოვისმინე. 21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში ვიყავი, ერთი ორი საათით ვიყავი გასული, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. 23 ოქტომბერს ჩემმა პოლიციელმა მეგობარმა მითხრა, რომ შენი თანასოფლელი მოვიდა პოლიციაში და თქვა, რომ ვიცი ვინც არის თავდამსხმელიო და შენ დაგასახელაო. გამაფრთხილა ფრთხილად ვყოფილიყავი. ჩემი თანასოფლელი ვინც პოლიციელების ინფორმატორია ნათქვამი აქვს, რომ მე დაგაჭერინებთ თავდამსხმელს და თანამდებობაზე დამნიშნეთო. ისედაც სულ ფრთხილად ვიყავი, რადგან ადრეც ქალაქში, როცა გადავადგილდებოდი პოლიციელები სულ მაჩერებდნენ. ზოგადად ქალაქში გასვლას თავს სულ ვარიდებდი. 23-ში ეს რომ მითხრეს მივხვდი, რომ კარგად არ იყო საქმე. 23 ოქტომბერს საღამოს დედაჩემს ვუთხარი, რომ თბილისში, ექიმთან მივდიოდი. საღამოს დაახლოებით 6 საათზე გავედი და მას შემდეგ ვიყავი ხან მეგობართან და ხან ნათესავთან. 25 ოქტომბერს ჩემს დეიდაშვილთან ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი, რა დროსაც ჩემს დეიდაშვილს ჩემთვის გადაუღია სურათი, რომელიც ჩემი ძმისთვის გაუგზავნია. ვიცოდი, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ფბ გვერდი გატეხილი იყო და პოლიციელები აკონტროლებდნენ. ალბათ ცდლობდნენ ჩემი ადგილსამყოფელის დადგენას. ჩემი ძმა მოვიდა ჩემთან. როგორც კი მოვიდა მივხვდი, რომ ეს ამბავი უკვე პოლიციასაც ეცოდინებოდა და იმ სახლიდან იმ საღამოსვე წავედი და მას მერე მიმალვაში ვიყავი.საფრთხეს სულ ვგრძნობდი და თავს ვარიდებდი პოლიციელებს, მიზეზი არ ვიცი, მაგრამ სოციალურ ქსელში ბევრჯერ არაკორექტულად მოვიხსენიე ეს პოლიციელები და მას შემდეგ დაიწყეს ჩემს მიმართ დევნა,“- განაცხადა ბადრი ესებუამ.

ბადრი ესებუას კითხვები დაუსვეს პროკურორებმაც. პროკურორმა უთხრა, რომ დაესახელებინა იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც ბადრი ესებუას უთხრა, რომ ბანკზე თავდასხმას მას აბრალებდნენ, თუმცა ბრალდებულმა ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ესებუამ თქვა, რომ მძარცველის ხმის ნიმუში და მისი ხმა იდენტური არ არის, პროკურატურა კი ექსპერტზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

ამ წუთებში სასამართლო პროკურატურის დასკვნით სიტყვას უსმენს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⇒ მაღაზია, რომელმაც წალკაში ძაღლის მოკვლის კადრები გაასაჯაროვა, 5000 ლარით დააჯარიმეს

⇒ დააკავეს კაცი, რომელიც დედას ახალშობილის მოკვლით ემუქრებოდა