142 629 ლარის მითვისებისთვის ადიგენის სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავეს

puli

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629.7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა“, - აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უკვე მიმართა.