„შვილის დაღუპვის შემდეგ, მისი ყოველი დღე ტანჯვა იყო“ - გარდაცვლილი მოსამართლის უმძიმესი ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა

nunu nemsiwveridze

გურჯაანის რაიონული სასამართლოსა და ყვარლის მაგისტრი მოსამართლე, ნუნუ ნემსიწვერიძე გარდაიცვალა.

მაგისტრი მოსამართლე ბოლო წლინახევრის მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა. მას ნათესავები უვლიდნენ.


ნუნუ ნემსიწვერიძის კოლეგები ამბობენ, რომ მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთადერთი შვილის გარდაცვალებამ გააუარესა.

„ცოტნე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა და ამის შემდეგ, ნუნუს ცხოვრების ყოველი დღე ტანჯვა იყო. საოცრად კარგი ბიჭი იყო და მასზე დარდში ათენ-აღამებდა საწყალი ქალი. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, მეტყველების შეფერხება დაეწყო და ექიმს მიაკითხა. მაშინ დაუსვეს ეს საშინელი დიაგნოზი. არაჩვეულებრივად კარგი დედა, ადვოკატი, მოსამართლე, ძალიან მიმძიმს მასზე საუბარი და ასე ტრაგიკულად დასრულებული მისი სიცოცხლე, უკიდურესად მტკენს გულს“,- ამბობს ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი.

ნუნუ ნემსიწვერიძის ერთადერთი შვილი, 21 წლის ცოტნე ხარატიშვილი 2020 წლის 3 ივნისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოსთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

მოსამართლეს ოფიციალური ვერსიის არ სჯეროდა და თვლიდა, რომ მისი შვილი, ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავარიის ინსცენირება მოაწყვეს. შვილმკვდარი დედა, რამდენიმე პირის დასჯას და საქმის მკვლელობად გადაკვალიფიცირებას ითხოვდა.

წაიკითხეთ: რა ვითარებაში გარდაიცვალა ცნობილი მოსამართლის ერთადერთი შვილი - მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა?

პროკურატურამ ნემსიწვერიძის ვერსია არ გაიზიარა და ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, თელავის რაიონულმა სასამართლომ სასჯელი მხოლოდ ერთ პირს შეუფარდა.

63 წლის ნუნუ ნემსიწვერიძეს, 28 ივლისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, 28 ივლისს დაკრძალავენ.