რატომ არ უნდა იყოს ჩართული ძილის დროს კონდიციონერი - სპეციალისტის განმარტება

კონდიციონერი

ვნებს თუ არა კონდიციონერი ჯანმრთელობას – ეს საკითხი ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით მათ აინტერესებთ, ვისაც სახლში პატარა ჰყავთ. ექიმ–თერაპევტი ელენე ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თანამედროვე კონდიციონერები იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ საშიშროება მაქსიმალურადაა შემცირებული.

აქვე დასძენს, რომ გაყინულ და გამომშრალ ოთახში დიდხანს ყოფნა არაა რეკომენდებული და გვირჩევს, კონდიციონერით მხოლოდ დღის იმ მონაკვეთში ვისარგებლოთ, როცა ქუჩაში ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია. 

იწვევს თუ არა რაიმე სახის დაავადებებს კონდიციონერი?

როცა კონდიციონერის უარყოფით გავლენაზე ვსაუბრობთ, პირველი და უმთავრესი ეს არის გაციება, რასაც იწვევს კონდიციონერისგან წამოსული ცივი მასების უშუალო ზემოქმედება. ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ თანამედროვე ე.წ. სპლიტ სისტემებს. არსებობს პნევმონიის განვითარების რისკიც, რომლის გამომწვევი მიზეზიცაა ლეგიონელა. ნუ დასხდებით კონდიციონერისკენ ზურგით, იზრუნეთ, რომ ჰაერი მაღლა იყოს მიმართული და უშუალოდ თქვენსკენ არ მოედინებოდეს. გასათვალისწინებელია ალერგიული ფონიც. გაითვალისწინეთ, რომ კონდიციონერის ფილტრი იკრავს, იზიდავს მტვრის ნაწილაკებს, რომელზეც მიკრულია ოთახის ბაქტერიები და მიკრობები. რაც შეეხება ფრეონს – დღეს იმდენად დაიხვეწა თანამედროვე ტექნოლოგიები და მათ შორის კონდიციონერის სისტემები, რომ მისი შენობის გარემოში გამოღწევა თითქმის წარმოუდგენელია.

რა უნდა გავითვალისწინოთ თუ სახლში ბავშვია

მნიშვნელობა არ აქვს ზრდასრულია თუ პატარა, ვეცადოთ ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა იყოს. ხშირად გაანიავეთ ოთახი და გახსოვდეთ, რომ როცა ყველა პირობა დაცულია, კონდიციონერი ბავშვის იმუნიტეტს ვერაფერს დააკლებს.