„კარაქიანი პურის კომბინაცია ერთ-ერთი კარგი ვარიანტია...“ - ნუტრიციოლოგის საყურადღებო რეკომენდაცია

კარაქიანი პური

გენეტიკოს-ნუტრიციოლოგმა სოფო ქურდაძემ გადაცემაში „შუადღე“ საუზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ დღის პირველი კვება აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს.

მისი თქმით, საუზმე დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ხშირად ეს არის ერთადერთი სრულფასოვანი კვება, რომელსაც ადამიანები სახლში იღებენ, მაშინ როცა დღის დანარჩენ ნაწილს გარეთ ატარებენ და ჯანსაღი არჩევანის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის.

ნუტრიციოლოგი აღნიშნავს, რომ გავრცელებული სტერეოტიპია დილის ხილით ან ტკბილი საკვებით დაწყება, თუმცა ეს სწორი მიდგომა არ არის. მისი განმარტებით, საუზმე უნდა შეიცავდეს ცილას, ჯანსაღ ცხიმებსა და რთულ ნახშირწყლებს, რაც ორგანიზმს ენერგიას უფრო ხანგრძლივად აწვდის.

სოფო ქურდაძის თქმით, ერთ-ერთი კარგი მაგალითია ავოკადოს ტოსტი კვერცხით და მთლიანმარცვლოვანი პურით, რომელიც ორგანიზმს რამდენიმე საათით ანაყრებს და ამავდროულად უზრუნველყოფს აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების მიღებას.

სპეციალისტი ასევე უსვამს ხაზს მთლიანმარცვლოვანი პურის მნიშვნელობას, რადგან თეთრი, რაფინირებული ფქვილისგან დამზადებული პური ნაკლებად სასარგებლოა და ძირითადად მარტივ ნახშირწყლებს შეიცავს.

მისივე თქმით, ნატურალური კარაქიც ჯანსაღი ცხიმის კარგი წყაროა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მინიმუმ 82%-იან ნაღებს შეიცავს. თუმცა, მისი დღიური რეკომენდებული დოზა დაახლოებით 10-15 გრამია.

ნუტრიციოლოგი საუზმეზე ასევე რეკომენდაციას უწევს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა კვერცხი, ხაჭო, ბერძნული იოგურტი, თევზი, ხორცი, შვრია, წიწიბურა, ქინოა და ყავისფერი ბრინჯი.

ამასთან, მისი თქმით, დილით უნდა მოვერიდოთ გადამუშავებულ პროდუქტებს, სოსისსა და ძეხვეულს, სწრაფად მოსამზადებელ შვრიას, ცომეულს, კრუასანებს, ტკბილეულს და გაზიან სასმელებს, რადგან ისინი ორგანიზმს სწრაფად აძლევს შაქარს და მალე შიმშილის შეგრძნებას იწვევს.

სოფო ქურდაძე აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი დილას სწორად და დაბალანსებულად იკვებება, დღის განმავლობაში ტკბილეულისა და არაჯანსაღი საკვების სურვილიც მნიშვნელოვნად მცირდება.