ზვიად შალამბერიძე: ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ქვეყნის პოლიტიკაში ოპოზიციისთვის სივრცე ყოველთვის არის, მაგრამ არა რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელიც ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებს დგამს

ზვიად შალამბერიძე

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ქვეყნის პოლიტიკაში ოპოზიციისთვის სივრცე ყოველთვის არის, მაგრამ არა რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელიც ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებს დგამს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

იგი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. კერძოდ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ პარტიების აკრძალვის საქმე სტრასბურგის სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს.

შალამბერიძის თქმით, ევრობიუროკრატების შეცვლილი პოზიციები მათთვის ახალი არ არის. შალამბერიძემ განმარტა, რომ ევრობიუროკრატების ხელმძღვანელებს როგორც აწყობთ, დავალებების შესაბამისად მოქმედებენ.

„დღევანდელ დღესაც ამას ვადევნებთ თვალს - შესაძლოა ერთ კვირაში ასეთი განსხვავებული რიტორიკა იყოს. თუმცა ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, რომ ქართული აგენტურისთვის, რომელიც თავის თავს ოპოზიციას ეძახის, ყოველთვის მაშველ რგოლად მოგვევლინება ხოლმე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან გაკეთებული განცხადებები.

რამდენიმე დღეა არ გაკეთებული განცხადება ქვეყნის ფარგლებს გარედან და ისე იყვნენ, რეალურად ახლა შემოაშველეს ეს განცხადება, რომ თითქოს ფონი გაუმყარონ ოპოზიციას, რომ მათ ქვეყნის ფარგლებს გარედან მხარდაჭერა აქვთ. თუმცა აქ უნდა გაიმიჯნოს ერთი რამ - ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ქვეყნის პოლიტიკაში ოპოზიციისთვის სივრცე ყოველთვის არის, მაგრამ არა რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებს დგამს. ასე რომ, ოპოზიცია, რომელიც იქნება კონსტრუქციული და იმუშავებს ისე, როგორც კლასიკურ ოპოზიციას შეეფერება, ამ შემთხვევაში მათთვის სივრცე ყოველთვის არის და პირიქით, მივესალმებით. მაგრამ ოპოზიცია, რომელიც ჩართულია და წლების განმავლობაში აშანტაჟებდა ხელისუფლებასა და მთლიანად საქართველოს ქვეყნის ფარგლებს გარედან, მათთვის ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ არის“, - განაცხადა შალამბერიძემ.

ამასთან, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დაწყების წინ, 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაიცვას დემოკრატია და პოლიტიკური პლურალიზმი.

✕