კარგი სიახლე მათთვის, ვისაც მართვის მოწმობის აღება სურს - ნახეთ, რა იცვლება
1793218334
თბილისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საზოგადოებას ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. საქმიანობის შესახებ ანგარიში მოიცავს 2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდს. ზურაბ ჩიკვილაძე არის თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების წევრი.
როგორც ანგარიშის წარდგენისას ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, ერთი წლის განმავლობაში თბილისის საკრებულომ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი განიხილა.
"წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე განვიხილეთ დედაქალაქის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხების ფართო სპექტრი. საკრებულოს გადაწყვეტილებები ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში მიმართულია მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის ამაღლებისა და ქალაქის მდგრადი ინფრასტრუქტურული თუ სოციალურ-ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფისკენ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
საანგარიშო წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა ბიუროს 20 და საკრებულოს 18 სხდომა, რომლებზეც 99 დადგენილება და 713 განკარგულება მიიღეს.
ზურაბ ჩიკვილაძემ საკრებულოს ორ კომისიაში საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრა. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მუშაობიდან მან განსაკუთრებით გამოყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებული პუნქტები და ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე განკარგულებები, გაცემული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით. ამ პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 130 დაზარალებული პირი.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის მიერ განხილული საკითხებიდან კი აღსანიშნავია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით დამტკიცებული პროექტები და დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გაცემული პროექტები.
ზურაბ ჩიკვილაძემ ვრცლად ისაუბრა ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქმიანობაზე. მე-8 მოწვევის თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 42 წევრს აერთიანებს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა, მათი საქმიანობის მთავარი მიზანი საერთო პოლიტიკური ხედვის ირგვლივ გაერთიანებული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელება და პროცესების კოორდინირებულად წარმართვაა. ფრაქცია თვეში მინიმუმ ერთხელ მართავს სხდომას. დედაქალაქისთვის აქტუალური საკითხების სიღრმისეული განხილვის საფუძველზე ყალიბდება ერთიანი, შეჯერებული პოზიცია და მუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა წარდგენა შემდგომში საკრებულოს სხდომებზე ხდება. საანგარიშო წლის განმავლობაში ფრაქციამ ჩაატარა 23 სხდომა და განიხილა 43 საკითხი. ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობით პროექტებში, რაც ითვალისწინებდა მივლინებებსა და უცხოური დელეგაციების მასპინძლობას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
ზურაბ ჩიკვილაძის წლიურ ანგარიშში განსაკუთრებით ვრცლად არის განხილული მისი, როგორც ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის, საქმიანობა.
"ჩემი, როგორც საკრებულოს მაჟორიტარი წევრის, თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და ჩუღურეთის რაიონის გამგეობასთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად სამაჟორიტარო ტერიტორიაზე შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ განხორციელდა არაერთი პროექტი. ჩუღურეთის რაიონი ერთ-ერთი უძველესი და რთული რელიეფის მქონე უბანია დედაქალაქში, რასაც თან ახლავს სპეციფიკური გამოწვევები. ამის გათვალისწინებით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტია მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, მოქალაქეებთან შეხვედრების, წარმომადგენლობაში მოსახლეობის მხრიდან შემოსული განცხადებების, ასევე წარმომადგენლობის თანამშრომლების მიერ ადგილზე მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზებით სამაჟორიტარო ოლქში გამოვლინდა საჭიროებები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით; ინფრასტრუქტურული მიმართულებით; ტრანსპორტის მიმართულებით; ტერიტორიების გამწვანების და რეკრეაციის მიმართულებით; მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშემწყობი პროგრამებით სარგებლობის საჭიროების მიმართულებით.
ზურაბ ჩიკვილაძემ დეტალურად ისაუბრა პრიორიტეტული პროექტების მიმართულებით ჩუღურეთის რაიონში განხორციელებულ სამუშაოებზე. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიაზე აშენდება თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი ბაგა-ბაღი.
როგორც ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობასა და დედაქალაქის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
წლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და ლევან ჯაფარიძე, საკრებულოს წევრები, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დაესწრნენ.