1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
როგორც გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით ძალიან ხშირად არასერიოზულად უყურებენ ჩვენს განცხადებებს, რომ მცდელობა იყო საქართველოს ომში ჩათრევის. ასევე, არის ძალიან ცინიკური დამოკიდებულება, რომლითაც უკრაინის ომს უყურებს ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი, ამიტომ პრაგმატულად უნდა შევხედოთ ჩვენს პოლიტიკას, ვიზრუნოთ ტერიტორიულ მთლიანობაზე და არა იმაზე, თუ რა განცხადებას გააკეთებს რომელიმე ევროპარლამენტარი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა.
სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს საერთაშორისო აქტორების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ამონარიდები წაიკითხა და აღნიშნა, რომ მათი დამოკიდებულება ხშირად ცინიკურია.
„როგორც გარედან, ისე ქვეყნის შიგნით ძალიან ხშირად ცოტა არასერიოზულად უყურებენ ხოლმე ჩვენს განცხადებებს, რომ მცდელობა იყო საქართველოს ომში ჩათრევის. ეს მცდელობები, შეიძლება, ისე მკაფიო აღარ არის დღეს, მაგრამ ბოლომდე არც ახლა განელებულა. მე წავიკითხავ რამდენიმე განცხადებას, რომლებიც საერთაშორისო აქტორებმა გააკეთეს უკრაინის ომთან დაკავშირებით. ეს სხვადასხვა წლის განმავლობაში კეთდებოდა და დავიწყებ ენტონი ბლინკენის განცხადებით, რომელმაც 2023 წლის 15 დეკემბერს თქვა: „თუ გადავხედავთ იმ ინვესტიციებს, რომლებიც გავწიეთ უკრაინის დაცვისთვის ამ აგრესიასთან გასამკლავებლად, უსაფრთხოების დახმარების 90 პროცენტი, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, რეალურად, აქ აშშ-ში, ჩვენს მწარმოებლებთან საწარმოო სექტორში დაიხარჯა. შედეგად, შეიქმნა მეტი სამუშაო ადგილი, ეკონომიკურმა ზრდამ იმატა, ასე რომ, ეს არის მომგებიანი სიტუაცია, რომელიც უნდა გავაგრძელოთ“. მეტი ცინიზმი ალბათ წარმოუდგენელია. ცოტა მოგვიანებით, 2024 წელს ლოიდ ოსტინმა თქვა: „ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხიდან დაახლოებით 50 მილიარდი მიემართება ამერიკის ინდუსტრიულ ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ამერიკული სამუშაო ადგილების შენარჩუნებას 30-ზე მეტ შტატში“. ამასთან, იენს სტოლტენბერგმა თქვა: „უკრაინაში დახმარება არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია ჩვენს ეკონომიკაში და ამისთვის უნდა იბრძოლოს უკრაინელმა ხალხმა“. ჟურნალისტი ბრედ სტივენსი წერს: „უკრაინის დახმარება დიდი თანხაა, მაგრამ რეალურად ჩვენთვის ეს იაფია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს 100 მილიარდი აღარ არის, რაც ადრე იყო, არამედ იმიტომ, რომ მძიმე ბრძოლას უკრაინელები აწარმოებენ. ისინი ასუსტებენ რუსეთის არმიას, რათა მოგვიანებით ჩვენ არ მოგვიწიოს ასეთი დაპირისპირების პირისპირ დგომა“.
სულ ახლახან გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელმა ბრუნო კაჰლმა თქვა: „ევროპისთვის უფრო უსაფრთხო იქნება, თუ ომი უკრაინაში კიდევ ხუთი წელი გაგრძელდება, ევროპა უნდა დაეხმაროს უკრაინას ყველანაირად და მეტი იარაღი უნდა მიაწოდოს მას“. მგონი, გასაგებია, რატომ კეთდება ის განცხადებები, რასაც აკეთებენ ევროკავშირის ან გერმანიის ელჩები საქართველოში. ან რატომ ხდება ასეთი უსამართლო რეზოლუციების მიღება. ჩიკაგოს გლობალურ საბჭოში გამოსვლისას ქალბატონმა პრიცკერმა თქვა: „ჩვენი უკრაინის უსაფრთხოებისადმი დახმარება ეხმარება უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ, ამავე დროს, ხელს უწყობს ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის ბაზის მოდერნიზაციას აქ“. ბოლოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გადავალ. ლატვიის პრეზიდენტის ციტატა: „უკრაინაში ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს გავლენა, გაზრდის ჩვენს თავდაცვის ხარჯებს და საფრთხეს შეუქმნის ლატვიის უსაფრთხოებას“. ასევე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება: „რუსეთის გამარჯვება უკრაინაში, თუნდაც ნაწილობრივ, იქნება პირდაპირი საფრთხე ჩვენი საზღვრებისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია, მივცეთ საშუალება, რომ ეს მოხდეს““, – განაცხადა სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, საქართველომ უნდა იზრუნოს, შეინარჩუნოს მშვიდობა.
„ეს არის ის ძალიან ცინიკური დამოკიდებულება, რომლითაც უყურებს უკრაინის ომს ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი და ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, იმ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს. ამიტომ ძალიან მარტივად, პრაგმატულად უნდა შევხედოთ ჩვენს პოლიტიკას. ეს არის მშვიდობის შენარჩუნება ყველანაირ ფასად და ვიბრძოლოთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. საბოლოოდ, ვიზრუნოთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე და არა იმაზე, თუ რა განცხადებას გააკეთებს რომელიმე ევროპარლამენტარი, ელჩი ან რა რეზოლუციას მიიღებენ ევროპარლამენტში, აშშ-ის კონგრესსა თუ რომელიმე ევროპულ პარლამენტში“, – განაცხადა სუბარმა.