წლები ვხედავდით საქართველოში უცხოური დაფინანსებით როგორ ხორციელდებოდა პრორუსულის იარლიყების მიკერება, რათა დისკუსია ჩაეხშოთ, ოპონენტი გაეჩუმებინათ, ეს უკვე აშშ-მა ამხილა - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

"წლების განმავლობაში ვხედავდით საქართველოში უცხოური დაფინანსებით როგორ ხორციელდებოდა პრორუსულის იარლიყების მიკერება, რათა დისკუსია ჩაეხშოთ, ოპონენტი გაეჩუმებინათ. ეს უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამერიკის ადმინისტრაციის დონეზე დადასტურდა ის, რაზეც "ქართული ოცნება" ფაქტებით საუბრობდა.

"ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა რაც ამხილა, ამან ამერიკის ადმინისტრაციის დონეზე დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ არათუ ვსაუბრობდით, არამედ ყოველთვის ფაქტები მოგვქონდა, რომ რუსულის, პრორუსულის, რუსული ჩარევის და ა.შ. იარლიყის მიკერება, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდის მეთოდია, რათა მოხდეს სტიგმატიზება, იარლიყის მიკერება და ოპონენტების გაჩუმება.

წლების განმავლობაში ვხედავდით საქართველოში უცხოური დაფინანსებით როგორ ხორციელდებოდა ამ იარლიყების მიკერება, რათა დისკუსია ჩაეხშოთ, ოპონენტი გაეჩუმებინათ. ეს უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს პოზიციებს აძლიერებს. საზოგადოებას შეგვიძლია, უკვე ვუთხრათ, მარტივი ტესტია, ამოიცანი "დიფ სთეითის" აგენტი. როგორც კი ვინმე საუბარს დაიწყებს - რუსულია, არარუსული, პრორუსულია და რ-ზე დაწყებული სიტყვების ტრიალს მიმართავს, იქვე "დიფ სთეითის" აგენტი ან სასარგებლო იდიოტი ამოიცნონ. ასეთი ადამიანები ან სასარგებლო იდიოტები არიან ან "დიფ სთეითის" აგენტები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.