წარმოებიდან თარომდე გასავლელ გზაზე ხდება საოცარი ფასნამატების წარმოება... ძალიან მძიმე პირობებია - ეს არის ქეშბექი, შესვლის გადასახადი, გადახდის ვადები - ალექსანდრე რატიშვილი

ალექსანდრე რატიშვილი

ფასების რეგულირება პროდუქტებზე - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ პრემიერის ხელმძღვანელობით შეხვედრა მწარმოებლებთან გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ ფასების რეგულირების სივრცე არსებობს და ამისთვის კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.

ალექსანდრე რატიშვილი, "ემსიბი ჯორჯია": საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რაც გვაწუხებს მწარმოებლებს და რაც ხელეწიფება მთავრობას და პარლამენტს, რომ მოგვარდეს. წარმოებები, თავისთავად, მუშაობენ ძალიან დაბალ მარჟაზე, მაგრამ წარმოებიდან თარომდე გასავლელი გზა არის ის გზა, სადაც ხდება საოცარი ფასნამატების წარმოება. ჩვენ შემთხვევაში, როცა მწარმოებლები დამოკიდებული ვართ საცალო ქსელებზე, რეალიზაციის თვალსაზრისით, ეს არის მათთან ჩვენი ურთიერთობის პრობლემა. ანუ, ის პირობები, რასაც ისინი აყენებენ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი განვათავსოთ მათთან თაროებზე, ძალიან მძიმე პირობებია - ეს არის ქეშბექი, შესვლის გადასახადი, გადახდის ვადები... გამოსავალი არის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო."

დღევანდელ შეხვედრამდე, შეხვედრები გაიმართა ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. საკოორდინაციო კომისიას, თავდაპირველად, სამომხმარებლო ფასები უნდა შეესწავლა, თუმცა გადაწყდა, რომ კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასების საკითხითაც დაინტერესდება. პარალელურად, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი და საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.