თორნიკე ჭეიშვილი: დღეს, როდესაც 1 წელი შესრულდა ძალადობრივი აქციის ორგანიზებიდან, გვაქვს უკვე ათობით აღიარებითი ჩვენება, თავად ორგანიზატორების, თუ მონაწილეების მხრიდან, ევრობიუროკრატები კვლავ არიან დუმილის რეჟიმში, ან თუ საუბრობენ - აბსოლუტურად საპირისპიროს

თორნიკე ჭეიშვილი

დღეს, როდესაც 1 წელი შესრულდა ძალადობრივი აქციის ორგანიზებიდან, გვაქვს უკვე ათობით აღიარებითი ჩვენება, თავად ორგანიზატორების, თუ მონაწილეების მხრიდან, ევრობიუროკრატები ევროკომისიიდან, ევროპარლამენტიდან, თუ სხვა სტრუქტურებიდან, კვლავ არიან დუმილის რეჟიმში, ან თუ საუბრობენ - აბსოლუტურად საპირისპიროს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

წამყვანმა ჰკითხა, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით საპროცესოების გაფორმების ჯაჭვი შეცვლის თუ არა აქამდე უცვლელ დამოკიდებულებას ევრობიუროკრატებში, რომლებიც ხელისუფლების დამხობის მცდელობას, ღიად უჭერდნენ მხარს.

„საქმეც ის არის, რომ სამწუხაროდ, იკვეთება ტანდემში მოქმედების ნიშნები, როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ ევრობიურორატებზე და მეორეს მხრივ, აქ ადგილობრივ აგენტურულ დაჯგუფებებზე. ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც ერთი წლის წინ ევროკომისიის მაღალი ტრიბუნიდან ჯერ კიდევ დაანონსებულ ძალადობრივ დამხობის აქციამდე როგორ ხდებოდა წახალისება ექსტრემისტული ჯგუფების. 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ფონზე, მათ იკადრეს ის, რომ მომდევნო დღეებშიც გააგრძელეს იმავე ნარატივის ტირაჟირება იმასთან მიმართებით, რომ თითქოს ეს იყო მშვიდობიანი აქცია. არადა რეალურად, ჩვენს საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რასთან გვქონდა საქმე, რომ ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების პირდაპირი, მიზანმიმართული, ძალადობრივი მცდელობა.

თუნდაც დღეს, როდესაც 1 წელი შესრულდა ძალადობრივი აქციის ორგანიზებიდან, გვაქვს უკვე ათობით აღიარებითი ჩვენება, თავად ორგანიზატორების, თუ მონაწილეების მხრიდან, ევრობიუროკრატები ევროკომისიიდან, ევროპარლამენტიდან, თუ სხვა სტრუქტურებიდან, კვლავ არიან დუმილის რეჟიმში, ან თუ საუბრობენ - აბსოლუტურად საპირისპიროს. კვლავ სამიზნეში იღებენ საქართველოს და სხვადასხვა ტიპის მანიპულაციებით ცდილობენ იმას, რომ არ გაუშვან შესაძლებლობა, რათა რეპუტაციული ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას და მოაწყონ მორიგი თავდასხმის აქტი.

ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ტრადიციულად, ამაში მათ ხელს უწყობენ ადგილობრივი აგენტები, რომელთაც აბსოლუტურად დაკარგული აქვთ ადამიანური სახე. ისინი არიან დღეს იმგვარ მდგომარეობაში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს სასაცილო, მართლაც სატირალი რომ არ იყოს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

✕