1791274912
სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პრაიმტაიმის კითხვაზე, რა მოხდა მსჯავრდებულ ჩაჩანიძესთაბ დაკავშირებით?- პენიტენციური სამსახური კატეგორიულად გამორიცხავს მსჯავრდებულზე ძალადობას და აცხადებს, რომ მსჯავრდებული ჩაჩანიძე №6 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გამოირჩეოდა პროვოკაციული ქმედებებით, სისტემატურად არღვევდა პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაწესებულების მოსამსახურეებს, რაც მაღალი რისკის მსჯავრდებულების მხრიდან საკმაოდ ხშირი შემთხვევაა.
მსჯავრდებულ ჩაჩანიძის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები არაერთხელ არის ასახული პენიტენციური დაწესებულების სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერებში.
ერთ-ერთი ასეთი პროვოკაციული ქმედება მან 2026 წლის 2 ოქტომბერს, 23:21 საათზე განახორციელა, როდესაც საკნის ფანჯრის მინა ჩაამტვრია და სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულს რაიმე განმარტება არ გაუკეთებია. მას დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ დაუყოვნებლივ გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
მომხდარი ფაქტის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის საგამოძიებო უწყებას, უზრუნველყო შესაბამისი მასალის დაარქივება და საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა. ზემოაღნიშნული ფაქტისა და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებების გათვალისწინებით, მსჯავრდებული ლაშა ჩაჩანიძე სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.
შესაბამისად, მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულს დაზიანებები ციხის თანამშრომლებმა მიაყენეს, რეალობას არ შეესაბამება.









