თორნიკე ჭეიშვილი BBC-ის წინააღმდეგ დავაზე: ჩვენი მიზანია, დადასტურდეს საქართველოს ხელისუფლების სიმართლე, რაც დიდი იმედი გვაქვს, მოხდება კიდეც როგორც შიდა ეროვნული გამოძიების ფარგლებში, ასევე შესაბამის საერთაშორისო პლატფორმებზე

თორნიკე ჭეიშვილი

როგორც ყველ წინა შემთხვევაში, როდესაც მსგავსი შეთითხნილი ბრალდებებით ცდილობდნენ, რომ ჩირქი მოეცხოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაშიც დადასტურდება ის, რომ ჩვენ ვართ მართლები. ამ თვალსაზრისით მათ მიერ გავრცელებული შესაბამისი ინფორმაციის უარყოფა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავის საკითხზე საუბრისას.

მისივე თქმით, საჭიროა, ყველამ მკაფიოდ დაინახოს და გაიგოს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც მართალია. ჭეიშვილმა საუბრისას BBC-ის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული დავაც გაიხსენა.

„აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიმართებით, BBC-ის ასევე დაუდასტურდა ის, რომ ფაქტობრივად, ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, რასაც ადგილზე რამდენიმე პასუხისმგებელი პირის თანამდებობიდან გადადგომაც მოჰყვა. შესაბამისად წინ არის კიდევ ამ დავის გაგრძელება, რადგან ამერიკელები საკმაოდ სოლიდურ ფულად კომპენსაციაზე საუბრობენ, რაც შეიძლება BBC-ის დაეკისროს. სხვათა შორის, თეთრი სახლის ვებგვერდზე გაჩნდა თეთრი ველი, სადაც სიცრუის გამავრცელებელი მედია ორგანიზაციებს შორის ასევე BBC ირიცხება. ასე, რომ ამ დაზიანებულ რეპუტაციას თავად რამდენად უშველიან და აღიდგენენ, ეს არ ვიცით და პრინციპში, არც გვანაღვლებს. ჩვენი მიზანი არის, კიდევ ერთხელ დადასტურდეს საქართველოს ხელისუფლების სიმართლე, რაც აუცილებლად, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, მოხდება კიდეც როგორც შიდა ეროვნული გამოძიების ფარგლებში, ასევე შესაბამის საერთაშორისო პლატფორმებზე“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.