Der Spiegel: მაკრონის განცხადებით, „არსებობს შანსი, რომ აშშ-მა ტერიტორიულ საკითხზე უკრაინას უღალატოს“

ემანუელ მაკრონი ფრიდრიხ მერცი

საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ის მთავრობისა და მისი წარმომადგენლების ძალისხმევის მიმართ მკაცრი სკეპტიციზმი გამოთქვეს, - წერს გერმანული გამოცემა Der Spiegel ევროპელი ლიდერებისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით.

Der Spiegel-ის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპის სხვა ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააფრთხილა, რომ შეთანხმების მისაღწევად, აშშ-ს შეეძლო უკან დაეხია უკრაინის საკითხზე ტერიტორიული დათმობებისა და უსაფრთხოების გარანტიების კუთხით.

„არსებობს შანსი, რომ აშშ-მა ტერიტორიულ საკითხზე უკრაინას უღალატოს, უსაფრთხოების გარანტიებზე სიცხადის გარეშე“, - თქვა საფრანგეთის ლიდერმა, გერმანული გამოცემის ცნობით.

Der Spiegel-ის ანგარიშის თანახმად, ორშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ აშშ-ის მომლაპარაკებლები „თამაშობენ“ და რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ის „ძალიან ფრთხილად“ უნდა იყოს.