თაზო დათუნაშვილი: ქვეყანაში ფასნამატს ქმნის მაღალი გადასახადები, საყოველთაოდ გამეფებული კორუფცია, ოლიგოპოლიები და მონოპოლიები, ფასების ზრდაზე ჩვენ უკვე მეორე წელია, ვლაპარაკობთ

თაზო დათუნაშვილი

„ლელოს“ წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, უკვე მეორე წელია, „ლელო“ საუბრობს ქვეყანაში ფასების ზრდის პრობლემაზე.

დათუნაშვილის თქმით, ფასნამატს ქმნის მაღალი გადასახადები, საყოველთაოდ გამეფებული კორუფცია, აგრეთვე, ფასებს ზრდის ოლიგოპოლიები და მონოპოლიები.

„ქვეყანაში ფასნამატს ქმნის ბევრი დაბეჭდილი ფული, რომელზეც ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, ქმნის მაღალი გადასახადები, რომელზეც პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა. ზრდის საყოველთაოდ გამეფებული კორუფცია, რომლის მდგენელიც აბსოლუტურად ყველა სერვისისა და პროდუქტის ფასში ჩნდება ისეთ ქვეყნებში, სადაც კორუფცია საყოველთაოა. ამაზეც აგრეთვე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“, ზრდის ისეთი საშიში და მავნებელი ოლიგოპოლიები და მონოპოლიები, რომლებიც, მაგალითად, ხორბლის ბიზნესში არსებობს, ამხანაგი გოდერძი ჩანგსელიანის სახით. ასეთი რაღაცები ზრდის ფასს. ფასების ზრდაზე ჩვენ ვლაპარაკობთ უკვე მეორე წელია, ვამბობთ, რომ არაადეკვატურ ნიშნულზეა ასული და საქართველოში ეკონომიკის ზრდა ფასების ზრდას ვერ ეწევა. შესაბამისად, ხელფასებიც ვერ ეწევიან ფასების ზრდას – ამას ვიმეორებთ დიდი ხანია. დაუწიეთ გადასახადები პირველად პროდუქტებზე ან გაუუქმეთ. ყაირათიანად დახარჯეთ ფული სოფლის მეურნეობაში და არა ისე, როგორც დღეს ხარჯავთ, 2 მილიარდი დოლარი რომ უაზროდ იხარჯება და ამ ნაწილში ბიზნესის მხარდასაჭერად იმოქმედეთ. ჩვენ ამ ყველაფრის პასუხი მივიღეთ – დავიჭერთ, დავაპატიმრებთ, გავასამართლებთ და კანონს გავამკაცრებთ. თავად გადაწყვიტეთ, რომელი უფრო ადეკვატურია: ის საკითხები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, რომლებიც ამას პირდაპირ ეხება, თუ დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ მიდგომა“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.