ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„დასავლეთ საქართველოში ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

აეროპორტის შესაბამისი სამსახურები დროულად ახორციელებენ საჰაერო ხომალდების მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს, ხოლო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები ინტენსიურად იწმინდება.

დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში სრულდება. გამთენიისას არ შესრულდა მხოლოდ ათენის მიმართულებით დაგეგმილი რეისი და საპირისპირო მიმართულებით ფრენა.

უამინდობის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის დროებით შეჩერების შედეგად, ბროწეულას რკინიგზის სადგურთან მყოფი 12 მგზავრის ტრანსპორტირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყვეს.

უამინდობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე 2 იანვრის დღის პირველი ნახევრის ჩათვლით შენარჩუნდება“, - ნათქვამია განცხადებაში.