სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი, ეს არის სწორი გადაწყვეტილება და გაბედული ნაბიჯი, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური გამბედაობაც და პოლიტიკური ნებაც - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

„ყველა ეთანხმება იმას, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი. ეს არის სწორი გადაწყვეტილება და გაბედული ნაბიჯი, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური გამბედაობაც და პოლიტიკური ნებაც. ის, რაც სწორია, უნდა გაკეთებულიყო და მუდმივად პოლიტიკური სპეკულაციების მძევალი არ უნდა ვყოფილიყავით, მაგალითად, რა მოჰყვებოდა რომელიმე ოჯახის ინდივიდუალურ შეფასებას“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ასეთ საკითხებზე მსჯელობისას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროფესიონალური შეფასებები პოლიტიკური ოპონენტებისგან. მინისტრის განცხადებით, მანიპულაციური ინტერპრეტაციაა, როდესაც ოპონენტები საქსტატის კონკრეტულ მონაცემებს იმოწმებენ და არაფერს ამბობენ იმავე წყაროს სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, თუ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს აღემატებოდა, დღეს, ის 9,4%-ია.

„ეს ხომ მნიშვნელოვანი დინამიკაა? არასდროს ასეთი ტემპი არ ჰქონია ქვეყანას, რომ ასე ვითარდებოდეს და ასე მცირდებოდეს სიღარიბე. ეს არის რეალობა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დახმარების სახით გაცემული ყოველი თეთრი ეფექტიანად უნდა ხმარდებოდეს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.