სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

სოფლის მეურნეობის კომიტეტი

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ზურაბ ეზუგბაიას თქმით, ცვლილებებით ზუსტდება ეტიკეტისა და სამომხმარებლო ტარას ტერმინები. კანონს ემატება ახალი ტერმინი - თანხმობა ვენახის გაშენებაზე.

ცვლილებების თანახმად, ღვინის კომპანია ვალდებულია, აღრიცხოს ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესები და ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს სავალდებულო შეტყობინებები.

ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების ვალდებულება გაუჩნდება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის, იმ ღვინის მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია, ჯამურად, წელიწადში 1500 ლიტრს არ აღემატება.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უნდა გამოსცეს ბრძანება ,,სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ“.

ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, კანონით გათვალისწინებული ცვლილებები  მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება და ახალ გასაშენებელ ვენახებზე გავრცელდება.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვენახების გაშენება აუცილებელია მაღალი ხარისხის ყურძნის მისაღებად და შესაბამისად, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის.