შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, გავაკეთოთ ანალიზი, თუ რა გამოწვევებია სექტორში, რა იწვევს ასეთ მაღალ ფასნამატს და შემდეგ დავგეგმავთ, თუ რა მექანიზმები უნდა ავამოქმედოთ იმისათვის, რომ მივიღოთ მნიშვნელოვანი კორექცია კლების მიმართულებით

შოთა ბერეკაშვილი

ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა კომისიის მიზნებზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია, გავაკეთოთ შესაბამისი ანალიზი, თუ რა გამოწვევებია სექტორში, რა იწვევს ასეთ მაღალ ფასნამატს და ამის შემდეგ დავგეგმავთ, თუ რა მექანიზმები უნდა ავამოქმედოთ იმისათვის, რომ სექტორში მივიღოთ მნიშვნელოვანი კორექცია კლების მიმართულებით, სექტორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი”, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

კომისიის წევრები დღეს კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.

დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გასულ კვირას პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინა. მათ იმ მთავარ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მაღალ ფასებს იწვევს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაასახელეს ე. წ ქეშბექი და ქსელურ მარკეტებში პროდუქციის დახლზე მოხვედრის გადასახადი.