თენგიზ შარმანაშვილი: საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეებმა და გამოცდილებამ მოიტანა, თუ კიდევ მოძებნიან არაკანონიერ გზას ფულის შემოსატანად, კიდევ შევიტანთ ცვლილებას და იმ გზასაც ამოვქოლავთ

თენგიზ შარმანაშვილი

მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველოში შავი ფულის შემოსატანად გზებს ეძებენ. ჩვენი მხრიდან ადგილი აქვს რეაქციას. ისე არ ყოფილა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძეთ და კანონმდებლობა შევცვალეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„ისე არ ყოფილა, რომ ერთი დღე გათენდა და გადავწყვიტეთ, კანონმდებლობა შეგვეცვალა. ეს იმ საფრთხეებმა და გამოცდილებამ მოიტანა, რომელიც ქვეყანას თავს გადახდა. როცა გაირკვა, რომ საქართველოში თანხები შემოდიოდა, რომლებიც ხმარდებოდა რევოლუციური სიტუაციების შექმნას, ექსტრემისტული ნაბიჯების გადადგმას და მსგავს რაღაცეებს, კანონი შემოვიღეთ, რომელიც ამერიკაში 1938 წლიდან მოქმედებდა. მარტივად ვთქვით, რომ თუ უცხოეთიდან გრანტს იღებ, დეკლარაცია გააკეთე, რა მიიღე და რისთვის“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა თქვა, რომ კანონს არ დაემორჩილება.

„ლამის კიდევ რევოლუციის ერთი ფაზა მოაწყვეს. შემდეგ „ფარა“ წერტილ-მძიმით ვთარგმნეთ და შემოვიტანეთ. შემდეგი ნაბიჯი რა იყო? – ეს ორგანიზაციები ესტონეთსა და სხვა ქვეყნებში გადაარეგისტრირეს, რათა კანონმდებლობისთვის გვერდი აევლოთ. რა თქმა უნდა, ასეთ თვალთმაქც ნაბიჯებს ვერ დავუშვებდით, რადგან მნიშვნელობა აქვს, როგორ დააპირებენ კანონმდებლობის გვერდის ავლას? პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველოში შავი ფულის შემოსატანად გზებს ეძებენ. ჩვენი მხრიდან ადგილი აქვს რეაქციას. ისე არ ყოფილა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძეთ და კანონმდებლობა შევცვალეთ. თუ კიდევ მოძებნიან არაკანონიერ გზას ფულის შემოსატანად, კიდევ შევიტანთ ცვლილებას და იმ გზასაც ამოვქოლავთ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.