„შემოვიდნენ თავიდან „მოკრძალებით“... მერე ხმას აუწიეს... 2008 გაიხსენეთო“ - რას წერს ისტორიკოსი რუს ტურისტებზე

buba kudava

ისტორიკოსი ბუბა კუდავა დედაენის ბარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და საქართველოში რუსი ტურისტების სიმრავლეს ეხმიანება.

„შემოვიდნენ თავიდან „მოკრძალებით“, უკრაინისდროშიანი პინებით და სამაჯურებით, ხანაც ინგლისური გამოსაუბრებებით.

მერე ნელ-ნელა მოიხსნეს, მშობლიური ენაც ამოიდგეს, წელშიც გასწორდნენ, სერვისიც დაიწუნეს, ხმასაც აუწიეს, უკრაინული მუსიკაც იხამუშეს.

მერე ერთი (ათასში ერთი!), ისიც კერძო დაწესებულების (რომელსაც შეგიძლია უბრალოდ გვერდი აუარო) ერთი რეგულაცია იუკადრისეს, ხომალდისთვის გეზის მიმცემი სლოგანით აღშფოთდნენ... და დაირაზმნენ, და დაუშინეს, და იმუქრეს, და ამოალაგეს დროებით ჩამალულ-ჩაკუჭულები. გადაგწვავთო, ჩვენი მიწააო, 2008 გაიხსენეთო.

თან ეს ხალხი აქ ცხოვრობს, აქ, დასეირნობს „უწყინრად“, რუსთაველზე, ვერა-ვაკე-მთაწმინდაზე და გულში რეებს აღარ იხვევს, დახეთ ერთი. 

მადლობა ჩრდილოელებო! ისევ თქვენ თუ შეგვაფხიზლებთ, თქვენ თუ ამოგვიქექავთ კარგად დავიწყებულებს, ისევ თქვენ, ისევ თქვენ. 2 საუკუნეზე მეტია ასეა: ჩაგვთვლემს თუ არა, გაბიჟვინებულ სიფათზე დაბიჯებული თქვენი ჩექმის სიმძიმე გვაღვიძებს.

არ იცვლებიან ხალხო, არა, არა და არც შეიცვლებიან, ვიდრე ერთხელ, ორჯერ და კიდევ ბევრჯერ მწარედ არ დამარცხდებიან! ვიდრე სამშობლოსა და სიმართლისთვის მებრძოლები კუდით ქვას არ ასროლინებენ.

ასეთია არა მარტო ჩვენი და მაგათი, არამედ მთელი კაცობრიობის გამოცდილება. დედაენის ბარი, მადლობა, მადლობა!  გეწვევით პირველივე შესაძლებლობისთანავე“,- წერს კუდავა.

ცნობისთვის, ანტიოკუპაციური მიდგომის გამო დედაენის ბარი რუსული კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა. კიბერთავდასხმისას ბარის მონაცემები Google-ზე სხვადასხვანაირად შეცვალეს. ბარის დასახელებად დენაციფიკაცია ეწერა, ხოლო ვებგვერდის მისამართად kremlin.ru იყო მითითებული.

 

ასევე ნახეთ: VIDEO: დაპირისპირება „დედაენის ბარში“, სადაც „Россия 1"-ის ჟურნალისტი მოტყუებით სიუჟეტის გაკეთებას ცდილობდა