"შეიძლება, ამ ქალმა ნიკაზე ასეთი სიტყვებით ილაპარაკოს? იცის, რომ ნიკას ერთი კაპიკი არსად არ აქვს გაკეთებული" - მელია თაკო ჩარკვიანს მიმართავს  

ჩარკვიანი-მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა ანზორ მელია პარტია "კანონისა და სამართლის" ლიდერს თაკო ჩარკვიანს უპირისპირდება. როგორც მელია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, ჩარკვიანი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ცილს წამებს, ეს იმ ფონზე, როცა თავად მის მამასთან კარგი მეგობრობა აკავშირებდა. 

"ნიკას ებრძვიან, ნიკას რაც აქვს, ყველაფერი ჩემით აქვს. მისი შეძენილი მე არაფერი მინახავს, გარდა ბავშვისა და ცოლისა. ნიკას ლანძღავენ უკანასკნელი სიტყვებით, რომ ივანიშვილის კაცია და ა.შ. რა ივანიშვილის კაცია? კაცი სიმართლეს ამბობს და ამის გამო ებრძვიან. ნიკა ძლიერი და სუფთაა, ის ერთგულია მიშა სააკაშვილის და ეს არ აწყობთ.

ერთს გეტყვით, თაკო ჩარკვიანის მამასთან თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობა მაკავშირებდა, თაკო ჩემს თვალწინ გაიზარდა. შეიძლება, ამ ქალმა საკუთარი მამის მეგობარზე, საკუთარი მამის ოჯახის მეგობრის შვილზე ასეთი სიტყვებით ილაპარაკოს? ხომ იცის, რომ ნიკას ერთი კაპიკი არსად არა აქვს გაკეთებული", - აცხადებს მელია.