შალვა პაპუაშვილი: ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, ხოლო დღეს „შუა დერეფნის“ ნაწილია, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას

შალვა პაპუაშვილი

ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ჩინეთში იმყოფება. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, რომლებიც ორი წლის წინ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ავიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთში შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანთან, ამავე პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჭაო იდესთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანჭებს ჩინეთთან თანამშრომლობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.

„დღეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელმაც უკვე მოიტანა კონკრეტული ეკონომიკური შედეგები. სავაჭრო პროდუქციის დაახლოებით 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ექცევა. უვიზო რეჟიმმა ასევე გაზარდა ტურისტების რაოდენობა როგორც საქართველოდან ჩინეთში, ისე ჩინეთიდან საქართველოში, რაც საბოლოოდ ხალხთა შორის ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის გაღრმავებას უწყობს ხელს.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, შაანსი და სიანი აბრეშუმის გზის საწყისი წერტილია და ამას საქართველოსთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, ხოლო დღეს ტრანსკასპიური მარშრუტის, ე.წ. „შუა დერეფნის“ ნაწილია. ამ გზამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ჩვენს ეკონომიკურ, ისე კულტურულ განვითარებაში. საქართველომ აბრეშუმის გზისგან სარგებელი არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ კულტურულადაც მიიღო. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანას.

ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ დაახლოებით 9%-ით იზრდებოდა. ამან შესაძლებელი გახადა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკა თითქმის გასამმაგებულიყო. უმუშევრობა, რომელიც 10 წლის წინ 30% იყო, წელს 9%-მდე შემცირდა და ჩვენი მიზანია, 2028 წლისთვის 3-4%-მდე დავიყვანოთ. ამავე პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წლის დაახლოებით 4500-5000 დოლარიდან წელს 10 000 დოლარზე მეტამდე გაიზარდა. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ, ჩინეთის მაგალითის გათვალისწინებით, სწრაფი განვითარების გზას მივყვებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო ჩინეთისა და ევროპის ერთმანეთთან დასაკავშირებლად ყველაზე სწრაფ და ეკონომიურად ეფექტიან გზას სთავაზობს პარტნიორებს.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ეკონომიკისა და სოციალური სისტემის კოლაფსი მოხდა. ამიტომ აუცილებელი იყო განვითარების მაღალი ტემპი, რათა ქვეყანა იმ დონემდე მისულიყო, რომელიც მისი მომავალი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ ამ ზრდის ტემპის შენარჩუნებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაშიც შევძლებთ. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის მასშტაბი დიდ ქვეყნებს ვერ შეედრება — საქართველოში სულ დაახლოებით 3.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობით მხოლოდ თქვენი ერთ-ერთი რეგიონის ზომასაც ვერ ვუახლოვდებით.

თუმცა არსებობს სფეროები, სადაც მსოფლიოს ბევრის შეთავაზება შეგვიძლია. ერთ-ერთი მათგანია ღვინის წარმოება — საქართველოს ტრადიციული და ისტორიული ინდუსტრია. როგორც ცნობილია, საქართველო ღვინის აკვნად მიიჩნევა. ქვეყანაში 8000-წლიანი უწყვეტი მეღვინეობის ტრადიცია არსებობს, რაც მეცნიერულადაც დადასტურდა. უფრო მეტიც, წელს უკვე სრულად არის წარმოდგენილი სამეცნიერო მტკიცებულებები და გაიმართა საერთაშორისო კონფერენციებიც, რომლებიც ადასტურებს, რომ დაახლოებით 8000 წლის წინ ხორბლის კულტივაციაც საქართველოში დაიწყო. ღვინო და პური კი კულტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია — და სწორედ ამ კულტურას ვუზიარებთ მსოფლიოს.
მომავალ წელს საქართველო და ჩინეთი დიპლომატიური ურთიერთობების 35 წლის იუბილეს აღნიშნავენ. განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობა და ურთიერთგაცვლა.

როგორც შუა დერეფნისა და ტრანსკასპიური მარშრუტის ნაწილი, საქართველო ჩინეთისა და ევროპის ერთმანეთთან დასაკავშირებლად ყველაზე სწრაფ და ეკონომიურად ეფექტიან გზას სთავაზობს პარტნიორებს. დღეს, როდესაც საქართველოს ჩრდილოეთით უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობს, ხოლო სამხრეთით ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებია, შუა დერეფანი და ტრანსკასპიური მარშრუტი უსაფრთხო და ეფექტიან სატრანზიტო კავშირს უზრუნველყოფს. თქვენ ახსენეთ ქართველი სტუდენტები, რომლებიც სიანში სწავლობენ. ეს სწორედ ის სფეროა, სადაც ჩინეთთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ასევე გლობალური პროცესებისა და საერთაშორისო საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს განათლების სისტემის რეფორმა — როგორც სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ისე სასწავლო პროგრამების, კურიკულუმებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მომავალ კვირას საქართველოს განათლების მინისტრი ჩინეთს ეწვევა და ექნება შესაძლებლობა, ჩინელ კოლეგებთან გამართოს შეხვედრები. მსურს აქაც აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს განათლების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის. პარლამენტი სრულად უჭერს მხარს უნივერსიტეტებს შორის, სამინისტროებს შორის, საპარლამენტო კომიტეტებსა და პარლამენტის წევრებს შორის თანამშრომლობას როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე, რათა გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება.

ჩინეთის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და მაღალხარისხიან სისტემად მიიჩნევა. უკვე ბევრი ქართველი სტუდენტი სწავლობს ჩინეთში, მათ შორის ჩინური სტიპენდიების მხარდაჭერით, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას გამოვხატავთ. დასასრულს, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ასევე გლობალური პროცესებისა და საერთაშორისო საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილია.