საპარლამენტო დელეგაცია ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს

საპარლამენტო დელეგაცია ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება და  შეხვედრებს მართავს ყაზახეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო  და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ქართველი დეპუტატები  ყაზახეთის მაჟილისის კულტურულ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ასხატ აიმაგაბეტოვს, საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს სნეჟანა იმაშევას და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობების მნიშვნელობას და ასევე საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას  მომავალში. დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს მადლობა გადაუხადეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრებს ესწრებოდნენ მაჟილისის ეკონომიკური რეფორმებისა და რეგიონული განვითარების, ასევე აგრარულ საკითხთა კომიტეტების წევრები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2024 წელს გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და ყაზახეთის მაჟილისის კულტურულ და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს შორის, რომელიც გააძლიერებს საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულებას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად  ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ირაკლი ზარქუა და გელა სამხარაული შედიან.