1747034530
სამწუხაროდ, დღეს საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა, რომელიც შეიქმნება ჩვენს რეგიონში და რომელსაც ბევრი განმაპირობებელი აქვს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს ევროპული გზის სრული მხარდაჭერაა კოლეგების მხრიდან, სამწუხაროდ, დღეს საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა, რომელიც შეიქმნება ჩვენს რეგიონში და რომელსაც ბევრი განმაპირობებელი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, როდესაც მოიხსნება საქართველოს მიმართ არასწორი მიდგომა, პროცესი სწორ ვითარებას დაუბრუნდება.
„ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ მძიმე ტვირთს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად აწევს ევროკავშირს და ამ მხრივ ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ევროპაში ჰქონდა მავნე მოლოდინები საქართველოს მიმართ, რომ საქართველო ჩაბმულიყო ესკალაციის პოლიტიკაში ისე, რომ მათგან განსხვავებით არც ნატო გვიცავს და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა. მეორე მხრივ, ევროპაში არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ჩვენს ყოფილ ავტორიტარ მმართველს, მიხეილ სააკაშვილს მფარველობენ, ცდილობენ არა მხოლოდ დაიხსნან ის მისი კანონიერი სასჯელისგან, არამედ მოიყვანოს მისი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში. ეს ორი არასწორი მიდგომა როგორც კი მოიხსნება, იმ მომენტშივე ამ ტყვეობიდან გამოვა საქართველო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.