„ნათესავი გოგო მოვიდა, ჩქარა წამოდი, გია ცუდად არისო...“ - აღდგომის დღესასწაულზე მოკლული კაცის მეუღლე ტრაგედიაზე პირველად საუბრობს

ტრაგედია ყაზბეგში

დარიალის ხეობა 47 წლის მამაკაცს გლოვობს. გია ხაიკაშვილი ყაზბეგში აღდგომის ღამეს სასტიკად მოკლეს, ყველაფერი კი სადღესასწაულო სუფრაზე სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რომელიც საქმის გარჩევაში გადაიზარდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ხაიკაშვილს დანით 7 ჭრილობა მიაყენა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა.

გია ხაიკაშვილის მეუღლე მთას ყოველ დილით ახლა თავად გაჰყურებს. შემდეგ განსაკუთრებული მზრუნველობით უვლის ყვავილებს, აწესრიგებს ნივთებს და საკუთარ თავში აცოცხლებს 25 წლიანი თანაცხოვრების საუკეთესო ეპიზოდებს. ნინო კასრაძეს თავზარდამცემი ამბავი მაშინ შეატყობინეს, როცა მთელი ხევი აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა.

ცხოვრებაში გამოცდილმა მონადირემ, უამრავი ადამიანის გულიც მოინადირა. დარიალის ხეობაში სასტიკი დანაშაული მთელი ყაზბეგის პირად ტრაგედიად იქცა. ახლობლები თუ უბრალოდ შორეული ნაცნობები - ყაზბეგში მის შესახებ ცრემლებისა და ემოციის გარეშე ვერავინ საუბრობს.

იმ დღეს გია ხაიკაშვილი მეგობრის ოჯახში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა. შელაპარაკებაც სწორედ სუფრასთან დაიწყო. ხაიკაშვილმა ზრდილობისკენ მოუწოდა ოჯახში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს, პაატა ქუშაშვილს, რომელიც სუფრასთან იგინებოდა. შენიშვნამ ადრესატი გააღიზიანა. მან გია ხაიკაშვილი სოფელ გველეთში საქმის გასარჩევად დაიბარა და თავს ცივი იარაღით დაესხა. ადგილზე იმყოფებოდა მინიმუმ კიდევ ერთი ადამიანი - მკვლელობაში ბრალდებულის ბიძაშვილი ნიკო ქუშაშვილი.

ბავშვობის მეგობარი პავლე წიკლაური ერთ-ერთია, ვინც მძიმედ დაჭრილი გია ხაიკაშვილი უკანასკნელად ნახა. მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ დარიალის ხეობიდან გაქცეულ დამნაშავეებს თბილისში მიაგნო. პაატა ქუშაშვილი განზრახ მკვლელობის, მისი ბიძაშვილი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ჯანმრთელობის დაზიანების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ნარკოტიკული დანაშაულისთვის წარსულში ორივე ნასამართლევია.

ორივე ბრალდებულს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე თავად არაფერი უთქვამთ, თუმცა ადვოკატები მათ გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ მოითხოვდნენ.

მოკლულის ოჯახმა დამნაშავეების გვარს უკვე აპატია, თუმცა არა თავად დამნაშავეებს.

ქუშაშვილების საგვარეულომ მოკლულის ოჯახს ბოდიში და სამძიმარი ამ გზით გამოუცხადა - მკვლელის გვარმა, ხევის ტრადიციის მიხედვით, ჭირისუფალს მუხლი მოუდრიკა. თავად გია ხაიკაშვილი მშობლიურ ყაზბეგში დაკრძალეს. მისი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.