სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად, სააკაშვილთან დაკავშირებით, ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი - რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უწყებამ სამხარაულის ბიუროდან დასკვნა 2023 წლის 26 იანვარს მიიღო.

„მინდა, ვისაუბრო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაზე. კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი სასჯელისგან გათავისუფლება ან გადავადება, რასთან დაკავშირებითაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიმართა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბერს. ამ შემთხვევაში სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, მეცნიერულად რამდენად რამდენად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ ემპათიის დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან. ჩვენ მივიღეთ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნა [2023 წლის 26 იანვარს], რაც მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას, ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები და თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად ცენტრ ემპათიის მიერ გამოტანილ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და ბუნებრივია გაგრძელდება შემდგომ მსჯელობა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.