როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია, მოვუწოდო უკლებლივ ყველა კომერციულ სუბიექტს, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან. არავითარი რისკი არც ერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება - პრემიერი

კობახიძე

მე არ ვარ ამ კონკრეტული კომერციული ორგანიზაციის წარმომადგენელი. ერთადერთი რამ შემიძლია, გითხრათ - როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია, მოვუწოდო უკლებლივ ყველა კომერციულ სუბიექტს, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან. არავითარი რისკი არც ერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

მან ამგვარად უპასუხა კითხვას, გაგრძელებს თუ არა ბანკი "ქართუ" თანამშრომლობას "იმედთან" და "პოსტივისთან".

"მე ყველას ვპირდები, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ ჩამოიშლება - არც მედიის თავისუფლება, არც მეწარმეობის თავისუფლება. არც ერთი ადამიანის ძირითადი უფლება არ დადგება რისკის ქვეშ", - აღნიშნა პრემიერმა.

მან "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მედიასა და ბიზნესზე თავდასხმა გაიხსენა.

"როდესაც თქვენი პარტია იყო ხელისუფლებაში 2012 წლამდე, ერთ-ერთი მთავარი თავდასხმის ობიექტი თქვენი პარტიისთვის იყო მედიის თავისუფლება და მეწარმეობის თავისუფლება. ბიზნესის რეკეტი და ტელევიზიების მიტაცება იყო თქვენი პარტიის ხელწერის მთავარი შტრიხი. ეს არ გამოგივათ ახლა, ვინც არ უნდა დაგეხმაროთ, ეს აღარ გამოგივათ", - მიმართა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური მედიის წარმომადგენელს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ კომერციულ სუბიექტს და არც ერთ ტელევიზიას არ შეექმნება პრობლემები.

"ყველა სამეწარმეო სუბიექტი და ყველა ტელეკომპანია შეუფერხებლად განაგრძობს საქმიანობას ყოველგვარი ზიანის გარეშე. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებთ ვითარებას. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის და ამის ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ დაბრკოლება ოდნავადაც კი არ შეექმნას საქართველოში არც ტელეკომპანიებისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით სარგებლობას, არც ბანკებისთვის საკუთარი კომერციული უფლებით სარგებლობას და არც რომელიმე სხვა სამეწარმეო სუბიექტისთვის მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლებით სარგებლობას", - განაცხადა პრემიერმა.