„ეს არის ტკივილი, რომელიც არ გადის... უფრო მეტად მენატრება და მტკივა...“ - თაკო გაჩეჩილაძის ექსკლუზიური ინტერვიუ „პრაიმტაიმთან“

თაკო გაჩეჩილაძე

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე დედის გარდაცვალების შემდეგ, შვილებთან ერთად ვენიდან საქართველოში დაბრუნდა და დროებით აქ ცხოვრობს. თაკოს მთავარი საზრუნავი ახლა შვილების აღზრდაა, ის ასევე სწავლობს კონსერვატორიაში, მაგისტრატურაზე და ახალ რეპერტუარზე მუშაობასაც მალე დაიწყებს.

მომღერალმა „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- თაკო, რა სიახლეებია თქვენს კარიერაში?

- ამ ეტაპზე გამორჩეულად ვერაფერს ვიტყვი. ჩემი დროის უდიდესი ნაწილი ჩემს შვილებს მიაქვთ, ასევე, კონსერვატორიაში ვსწავლობ და თავისუფალი დრო არაფრისთვის მრჩება. სიმღერა, დღემდე არის ჩემი მთავარი აზრი პროფესიული თვალსაზრისით, თუმცა შვილებზე წინ ვერაფერს დავაყენებ. ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატება ჩემთვის სწორედ ისინი არიან. კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟოროზე ვსწავლობ მაგისტრატურაზე, რომელსაც მალე დავამთავრებ. როცა კონსერვატორიაც დამთავრებული მექნება და ბავშვებიც უფრო წამოზრდილები იქნებიან, ბევრი დრო მექნება საკუთარი თავისთვის და სიმღერასაც დავუბრუნდები. მე და ჩემმა მეუღლემ ვენაში ცხოვრების დროს ჩავწერეთ სიმღერები, რომლებიც არის პოპის ჟანრის. იმის გარდა, რომ მამაჩემის ბიგ-ბენდთან ერთად ჯაზს ვმღეროდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზად ვარ ჟანრი შევიცვალო. მე ყველაზე ბუნებრივად ჩემ თავს პოპში და არ-ენ-ბიში ვგრძნობ.

- ვინ გეხმარებათ შვილების აღზრდაში?

- ძიძა მყავს, ძალიან კარგი. ჩემი და ნინოც მეხმარება. მე მაქსიმალურად ვცდილობ, შვილებთან ერთად დიდი დრო გავატარო. ეს არის ჩემი სურვილი. ვფიქრობ რომ 6-7 წლის ასაკამდე უნდა ვიყო მაქსიმალურად ჩართული მათ აღზრდაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღზრდას, მენტალობას, ტრადიციები მინდა რომ შეინარჩუნონ და საამაყოები გაიზარდონ. ამაზე მნიშვნელოვანი მშობლისთვის ალბათ არაფერია, როცა დავბერდები ვთქვა, რომ კარგი შვილები გავზარდე.

- რამდენიმე წლის წინ, საზღვარგარეთ გათხოვდით, თუმცა ბოლოს მაინც საქართველო აირჩიეთ და ახლა აქ ცხოვრობთ, რატომ?

- ემიგრაციამდე სულ ვამბობდი - ოღონდ, აქედან წავიდე-თქო და როცა წავედი, მერე ვამბობდი, ოღონდ სახლში დავბრუნდე-მეთქი. ღმერთმა დამანახვა, რომ შენს სახლს და სამშობლოს არაფერი სჯობს. როგორ ფანტასტიკურ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდე, ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ ავსტრია ცხოვრების დონით პირველ ადგილზეა. მე გამიჭირდა საცხოვრებლად გადასვლა ისეთ ქვეყანაში, სადაც არავის არ ვიცნობ. საქართველოში ყველა სტუმართმოყვარე, თბილი და მეგობრულია. ეს იქ არ არის. რეალურად, დიდად არავის არ აინტერესებ და ამ სიცივემ ძალიან შემაწუხა. ზოგი ადამიანი ალბათ ეგუება ამ ცივ ურთიერთობებს, მე ვერ შევეგუე. თან დედა გარდამეცვალა და აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი. ჩემი და ნინო კი აქ არის, მაგრამ მამა ასაკშია, 88 წლის არის, ამიტომ წასვლა აღარ გამოდიოდა და ამ ეტაპზე ვამჯობინეთ აქ ვიყოთ. ორი ბავშვი ერთდროულად ძალიან რთულად აღსაზრდელია, რადგან მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ არის. ამის გამოც გამიჭირდა იქ და ახლა ჯობია აქ ვიყოთ. სულ საქართველოში არ დავრჩებით, ბავშვებსაც მოუნდებათ წასვლა, მაგრამ ახლა ასე ჯობია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი, საქართველოს არაფერი მირჩევნია!

- როგორც ვიცი, დედა მოულოდნელად გარდაიცვალა...

- დედა აბსოლუტურად მოულოდნელად გარდაიცვალა. მაისში გავა 4 წელი და დღემდე ვერ შევეგუე იმ ფაქტს, რომ დედა აღარ არის. რომ ყოფილიყო რამე მიზეზი, ქვეცნობიერად შეგუებული ხარ იმ ფაქტს, რომ ერთ დღეს შესაძლოა აღარ იყოს. დედა იყო სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი და ენერგიული. უცებ რომ დამირეკეს და მითხრეს აღარ არისო, ეს იყო შოკი. სისულელის გამო გარდაიცვალა, კბილი ასტკივდა, შემდეგ დაუსივდა, ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და ორ-სამ დღეში გარდაიცვალა. ვერ დაადგინეს რა სჭირდა, ვერ უშველეს და ეს საშინელება დაგვემართა. დედის გარდაცვალების გამო დიდი დეპრესია მქონდა. ეს გლოვა არასდროს გავა. რომ ამბობენ, დრო გავა და გაგივლისო, ასე არ არის - ეს არის ტკივილი, რომელიც არ გადის. რაც დრო გადის, უფრო მეტად მენატრება და უფრო მტკივა.

- ბავშვები როგორ გრძნობენ საქართველოში თავს?

- ბავშვებს ძალიან უყვართ თავისი ქვეყანა. ქართულად გამართულად საუბრობენ. სკოლაშიც შევიდნენ. მათთვის ახლა სახლი არის საქართველო. ჩემს შვილებს მინდა საქართველოდან და ევროპიდან მივაღებინო საუკეთესო.

- ახალი სიმღერების ჩაწერას არ გეგმავთ?

- რა თქმა უნდა! - ინტერესი მაქვს და მექნება. უბრალოდ ეს პერიოდი რთულია. მალე დამეწყება გამოცდები, უნდა დავამთავრო სასწავლებელი და მერე ჩემი მთელი ყურადღება გადავა სიმღერაზე. 9 წლიდან სცენაზე ვდგავარ და მგონია ამასთან ერთად დავიბადე. ამიტომ სიმღერაზე უარს ვერასდროს ვიტყვი. ღმერთი ბევრ ადამიანს არ აჯილდოებს კარგი ვოკალური მონაცემებით და ვთვლი, რომ ეს ნიჭი არ უნდა დავაიგნორო. ამიტომ ეს საქმე არასდროს არ დამთავრდება ჩემთან, აუცილებლად დავიწყებ ისევ სიმღერას და ახალ რეპერტუარზე მუშაობას.