1772193240
„ვიდრე შვილს გააჩენ, მაღლა უნდა შეხედო უფალს და 3 პირობა დაუთქვა...“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია მშობლებს
აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი, ბავშვთა განათლებისა და აღზრდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და დაფასებული ფიგურაა.
„სალომე კასრაძის პოდკასტში“ მან მშობლობის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და იმ სამ ძირითად პირობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი თქმით, შვილის გაჩენამდე ცოლ-ქმარმა ღმერთს უნდა აღუთქვას.
ამონაშვილის განცხადებით, ქართველი ერი განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა და მნიშვნელოვანია, ეს პოტენციალი მომავალ თაობებშიც შენარჩუნდეს.
„მივმართავ მამასაც და დედასაც — შვილები აუცილებლად უნდა გააჩინონ. ქართველი ხალხი ძალიან ნიჭიერია, მსოფლიოს ამარაგებს ქართველი ნიჭით, და ხომ გვინდა, ეს ნიჭი ჩვენს ქვეყანაშიც დარჩეს,“ — აღნიშნა მან.
აკადემიკოსის თქმით, შვილის გაჩენამდე მშობლებმა საკუთარ თავთან და ღმერთთან სამი პირობა უნდა დადონ:
პირველი — შვილის აღზრდისთვის საკმარისი დროის დათმობა. მისი თქმით, მშობელმა არ უნდა თქვას: „დრო არ მაქვს“ — რადგან ბავშვის გაზრდას სრული ჩართულობა და ყურადღება სჭირდება.
მეორე — მოთმინება. ამონაშვილი ხაზს უსვამს, რომ მშობელს უნდა ჰქონდეს იმდენი მოთმინება, რამდენიც ბავშვის განვითარებას სჭირდება, და არ უნდა აჰყვეს გაღიზიანებასა თუ ბრაზს.
მესამე — უსაზღვრო სიყვარული. როგორც ის ამბობს, ბავშვი სიყვარულში უნდა იზრდებოდეს და მშობელმა მზად უნდა იყოს, შვილი სიყვარულით „ჩაძიროს“.
ამონაშვილის თქმით, ეს პირობები თანაბრად ეხება როგორც დედას, ისე მამას. მისი შეფასებით, თუ მშობელს შვილისთვის დრო არ აქვს და მას სრულად სხვას ანდობს, ეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ნიშნავს.
აკადემიკოსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მშობლობა მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტი არ არის — ეს უდიდესი სულიერი და მორალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სრულ თავდადებას, მოთმინებასა და სიყვარულს მოითხოვს.












