პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი როდესაც პოლიციელს რუსად მოიხსენიებს, დამთავრებულია თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

ადამიანი როდესაც პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს და პოლიციელს რუსად მოიხსენიებს, მგონი, დამთავრებულია ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტის“ შესახებ განუცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ზურაბიშვილის იმ პოსტზე, სადაც მან აღნიშნა: „„სპეცნაზელები“ მზადყოფნაში არიან, ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება, საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს“.

„მგონი, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს უპასუხა, როცა მან „ტვიტი“ დადო, შემდეგ ქართულად დადო „ფეისბუქზე“. მიხვდა, რა გააკეთა. როცა ადამიანი ასეთ თანამდებობას იკავებს და პოლიციელს რუსად მოიხსენიებს, მგონი, დამთავრებულია ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია. როგორ შეიძლება, როცა ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია გიკავია, ქართველ პოლიციელებს, რომლებიც დღისით და ღამით, ქარში, სიცივესა და სიცხეში დგანან ქართველი ხალხის უსაფრთხოების სადარაჯოზე, რუსი უწოდო? მან ეს გააკეთა თავის „ტვიტში“, როდესაც მათ „სპეცნაზელები“ უწოდა და რუსული ტერმინი გამოიყენა, რუსული სიტყვა გამოიყენა ქართული პოლიციის წინააღმდეგ.

ცოტა ხანში იქნება ქართული პოლიციის დღე და მაინტერესებს, ამ დღეს როგორ აღნიშნავს, როდესაც რუსებად მოიხსენიებს ქართველ პოლიციელებს. დანარჩენი უკვე ბელეტრისტიკაა. მან მთავარი არსი და დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ სხვა დროსაც გამოხატა და გუშინ განსაკუთრებით გამოხატა, როცა ქართულ პოლიციას რუსები ეძახა. ამით ყველაფერია ნათქვამი, მას რა ლეგიტიმაცია აქვს. მგონი, მისი ადმინისტრაციიდან რომ დატოვეს თანამდებობები, სხვებიც თუ დაფიქრდებიან, საერთოდ რამდენად უღირთ იყვნენ იმ ადმინისტრაციაში, რომელიც შენი ქვეყნის პოლიციას რუსებად მოიხსენიებს, აღარ ვიცი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.