ოკუპირებულ სოხუმთან დამაკავშირებელი სამი ხიდი ისევ ბლოკირებულია - განცხადება ასლან ბჟანიამ გააკეთა

ოკუპირებულ სოხუმთან დამაკავშირებელი სამი ხიდი ისევ ბლოკირებულია - განცხადება ასლან ბჟანიამ გააკეთა

სოხუმთან დამაკავშირებელი სამი ხიდი ისევ ბლოკირებულია - დაახლოებით ერთი საათით იყო გათავისუფლებული კოდორის ხიდი, ეს მას შემდეგ, რაც ე.წ. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ გაუშვებდა დაკავებულებს, თუმცა ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ და პროტესტიც გრძელდება. მონაწილეებმა გზის ისევ გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

განცხადება გააკეთა ასლან ბჟანიამ - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს არ უხსენებია ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ან მათი გათავისუფლება და მხოლოდ ის თქვა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

"ვმუშაობთ მაგისტრალების იმ მონაკვეთების განბლოკვაზე, რომლებიც ოპოზიციონერებმა გადაკეტეს. გავმართეთ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. ჩემი დავალებით გაიმართა მოლაპარაკებები ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას მოსახლეობასთან. სამართალდამცავი ორგანოები ახორციელებენ შემოწმებებს წინა დღეს დაკავებულ მოქალაქეებზე. აფხაზეთს აქვს საკმარისი ძალა და საშუალებები წესრიგის უზრუნველსაყოფად. ვითარება ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის,"- განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან მიქავა კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა და დაპირება დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლების შესახებ არ შეასრულეს:

"მოგვატყუეს. ხელისუფლებამ მოგვატყუა. მათ არ შეასრულეს დაპირება, რომ დაკავებულ ოპოზიციონერებს გაათავისუფლებდნენ. ასევე, უსაფრთხოების ძალები ცდილობდნენ აქციის მონაწილეების დაკავებას და ხიდიდან მდინარე კოდორში გადაგდებას, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. იცოდეთ, ბიჭების გათავისუფლებამდე ხიდები გადაკეტილი იქნება," - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან მიქავა.

არეულობა სოხუმში ოპოზიციის ლიდერების დაკავებას მოჰყვა.გვიან ღამით გავრცელდა სოციალური ქსელებით ცნობა, რომ პოლიტიკოსები ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს - მალევე, იქ მათი ახლობლები და მხარდამჭერები მივიდნენ. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, იყო შტურმის მცდელობაც. მოგვიანებით, პროტესტის მონაწილეებმა ხიდები გადაკეტეს.