ნინუცა ბუცხრიკიძე: თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე, ქართული კულინარიის გარდა, წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კულინარიაც - იტალიელი შეფ-მზარეულები მასტერკლასებს ჩაატარებენ

ვვგ

 თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინუცა ბუცხრიკიძემ „დღის ქრონიკაში“ თბილისობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაზე ილაპარაკა.

მისივე თქმით, დედაქალაქში ღონისძიებები 5 ადგილას გაიმართება. კერძოდ, ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და სკვერში და გუდიაშვილის მოედანზე.

„ყველა ამ ადგილზე, ხვალიდან კვირის ჩათვლით, 12:00 საათზე გაიხსნება ღონისძიებების პროგრამა და 23:00 საათამდე გაგრძელდება.

რიყის პარკში წარმოდგენილი იქნება ქართული სარესტორნო ბიზნესი. რეგიონებიდან ჩამოსული შეფებისა და მეწარმეების გარდა, იქ იქნებიან ძალიან ცნობილი სარესტორნო ბიზნესის შეფ-მზარეულები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში სპეციალური მენიუებით შეეგებებიან სტუმრებს“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, ორბელიანის მოედანზე, ქართული კულინარიის გარდა, წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კულინარიაც. კერძოდ, ორბელიანის სკვერში იტალიის საელჩოს და თბილისის მერიის ორგანიზებით, იტალიელი შეფ-მზარეულები ჩაატარებენ მასტერკლასებს და საზოგადოებას თავიანთი კულინარიის მთავარ აქცენტებს გაუზიარებენ.

საპატიო თბილისელის წოდება წელსაც რამდენიმე ათეულ ადამიანს მიენიჭება. დაჯილდოების ცერემონია 20:00 საათზე დაიწყება.

✕