ნავთობის იმპორტიორები დაგვპირდნენ, რომ საწვავის ფასს შეამცირებენ - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი

ნავთობის იმპორტიორები დაგვპირდნენ, რომ საწვავის ფასს შეამცირებენ - ევროპის ქვეყნებმა ფასის ზედა ზღვარი გასაზღვრეს, ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება და საუბრის იმედი გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, განცხადებით.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ იმპორტიორები ნავთობზე ადეკვატურ მარჟებს არ დააწესებენ, მთავრობას მათ საწინააღმდეგოდ ბერკეტები ექნება. მისივე თქმით, ევროპაში ნავთობის ფასის ზედა ზღვარი არსებობს, რისი დაწესებაც მთავრობას საქართველოში არ სურს, ამიტომ იმედი აქვთ იმ საუბრის, რომელიც ნავთობიმპორტიორებთან გაიმართა.

„ნავთობის ფასებს რაც შეეხება, მინისტრებმა მსხვილ იმპორტიორებთან შეხვედრა გამართეს. გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც იმპორტიორებს დაწესებული აქვთ, გონივრული არ არის. მათგან პირობა მივიღეთ, რომ ფასები დაიკლებს. პროცესი დაწყებულია. დაგვპირდნენ, რომ საწვავის ფასს კიდევ უფრო შეამცირებენ. ეს ჩვენს მოსახლეობაზე აისახება, მათ დაეხმარება და ინფლაციის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ იმპორტიორების არგუმენტებიც მოვისმინეთ. საკითხი მარაგების მართვასაც შეეხო. ბუნებრივია, ჩვენ მათ არგუმენტებსაც გავითვალისწინებთ და ხელს შევუწყობთ, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ მუშაობა რაციონალური და ადეკვატური მარჟებით არ გაგრძელდება, ამის საწინააღმდეგოდ მთავრობას გარკვეული ბერკეტები აქვს.

ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში ენერგოკრიზისი დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ევროპის ქვეყნებმა მაღალ ფასებთან ბრძოლა გადაწყვიტეს. მათ ფასის ზედა ზღვარი გასაზღვრეს. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება. ვეფუძნებით და იმედი გვაქვს იმ საუბრის, რომელიც გაიმართა. იმედია, თვის ბოლომდე ფასების კლება აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.