„მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები, ძმაკაცები არ ვართ და ალბათ, ვერც ვერასდროს ვიქნებით ბევრი მიზეზის გამო“ - ნიკა მელია

saakashvili da melia

საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას შორის ურთიერთობის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას „TV პირველის" ეთერში გამოეხმაურა ნიკა მელია. როგორც მელიამ თქვა, მიხეილ სააკაშვილი მისი მეგობარი არ არის, მაგრამ თანამებრძოლია

„მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ თანამებრძოლები. მე ვარ იმ პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა. მიხეილ სააკაშვილია არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე. ამას ისტორია შეაფასებს, მაგრამ მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, ძმაკაცები არ ვართ და ალბათ ვერც ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზის გამო. ამას დრო სჭირდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი უნდა გაიარო. რასაც მეგობარი ჰქვია... ბევრი ძალიან კარგი ადამიანი, ახლობელი ადამიანი, თანამებრძოლი... მაგრამ მეგობარი არ შეიძლება ბევრი გყავდეს. არც მას ჰყავს, დარწმუნებული ვარ, ბევრი მეგობარი და არც მე შეიძლება მყავდეს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ... კი, ძალიან ბევრი გვიკამათია, ბევრს ვიკამათებთ იმაზე ცხარედ, ვიდრე ბევრს ჰგონია, მაგრამ იმაზე დიდი შეურაცხყოფა არ შეიძლება იყოს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, როდესაც ასეთი კითხვა ტივტივდება ხელოვნურად ადამიანზე, რომელიც დღეს არის ტყვეობაში. ბევრად ახლოს ვარ ნიკა გვარამიასთან, მიმაჩნია, რომ ის არის ჩემი მეგობარი, მე ვარ მისი მეგობარი. მიხეილ სააკაშვილი სხვა მასშტაბია, ეს ერთი, მაგრამ „ვერ ვიტანთ ერთმანეთს“, - ეს არის სურვილი ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის", - თქვა ნიკა მელიამ.

როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, სააკაშვილთან აქვს სხვადასხვა ადამიანის მეშვეობით კომუნიკაცია, მაგრამ არცთუ ისე ხშირი.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ ნიკა მელიას მიერ დაყენებულ მოთხოვნას ირაკლი კობახიძე ამ სიტყვებით გამოეხმაურა: თუ არ ვცდები [მელიას ბრიფინგზე] ეს სიტყვები იყო გამოყენებული: „უმძიმესი კრიზისი“. ერთადერთი ადგილი, სადაც არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი არ არის. ამას საზოგადოება ხედავს (ერთმანეთთან დაპირისპირებას), ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები - სააკაშვილი და მელია ერთმანეთს ვერ იტანენ".