ლევან მახაშვილი: „ლელოს“ თითოეული განცხადება უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს, ვიდრე პასუხებს სცემს, საზოგადოებას სჭირდება პასუხი

ლევან მახაშვილი

ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის სუფთა ფული კანონის წესით და დაცვით მოპოვებული ფული არ არის, ვხედავთ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევდნენ კანონს, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული მოკვლევაც ალბათ ამ საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა,ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმდენი ბუნდოვანება არსებობს, სასურველია, დეტალურად იყოს საკითხი შესწავლილი.

„ლელოს“ თითოეული განცხადება უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს, ვიდრე პასუხებს სცემს. ერთი მხრივ, არის კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რომ მათმა ლიდერებმა დიდი ალბათობით დამალეს გადასახადები და მეორე მხრივ, ჩვენ გვესმის ბრტყელ-ბრტყელი პოლიტიკური განცხადებები. ვისურვებდით, კონკრეტული მტკიცებულებებით და დასაბუთებით გასცენ პასუხი, რატომ არ იხდიდა გადასახადებს. საზოგადოებას აქვს ეს კითხვები და ამ კითხვებს სჭირდება პასუხები. განსაკუთრებით, პოლიტიკაში ჩართულ პირებს აქვთ მეტი პასუხისმგებლობა, არა უბრალოდ იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაფინანსება მოხდა თუ არა, აქ შეიძლება იყოს რისკები პოლიტიკური კორუფციის, ქრთამის აღების თუ მიცემის, ტერორიზმის დაფინანსების და ა.შ. ეს არის ევროპის საბჭოს, გრეკოს პირდაპირი რეკომენდაციები. როდესაც საქმე ეხება პროკურორებს, გამომძიებლებს, მოსამართლეებს, პოლიტიკოსებს, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, იქ ხომ არ გვაქვს საქმე პოლიტიკურ კორუფციასთან, ქრთამის მიცემასთან და სხვადასხვა ტიპის საშინაო თუ საერთაშორისო დანაშაულებთან“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო.