ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელისა და მათი აგენტურის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს ციხეში, რომ მეტი ჰედლაინი გაიტანონ, მეტი საინფორმაციო ხმაური ატეხონ. იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ბედავს ბევრი ადამიანი, რომ ბრალი აღიაროს, არის ის რომ ამ ფაშისტური თავდასხმების ეშინიათ

ლევან მაჭავარიანი

ეს არის ის ნარატივი, რომელიც საერთოა ბრიუსელისთვის და საქართველოში მათი ადგილობრივი აგენტურისთვის, ვინაიდან, რუსეთი, რა თქმა უნდა ნეგატიურ ემოციებთან ასოცირდება და რაც არ მოსწონთ, ყველაფერს აკერებენ რუსულ იარლიყს (და არა მხოლოდ საქართველოს, დიფ სთეითის აგენტურა ზუსტად ანალოგიური მეთოდებით მოქმედებს ყველა ქვეყანაში), - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც უპასუხა კითხვას - რა პასუხი გაქვთ ბრალდებაზე, რომ დასავლური კურსიდან გადაუხვიეთ?

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელთან ურთიერთობა 2022 წლის თებერვალში გაუფუჭდა, როდესაც საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე უარი განაცხადეს. 

 


„ზუსტად ამის შემდეგ დაიწყო ის სამარცხვინო რეზოლუციები. ახლაც რეზოლუცია უნდა მიიღონ და წერენ, თითქოს ბატონი ბურჭულაძე და ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთერში რამდენიმე თვე აანონსებდნენ სახელმწიფოს დამხობას, რაც შემდეგ ქმედებებში გადაიტანეს და შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე, თურმე არიან პოლიტიკური დევნილები, როდესაც ნახევარზე მეტმა აღაირა დანაშაული, მათ შორის ბატონმა ზოდელავამაც, რომელიც ბატონ ბურჭულაძესთან ერთად ამ 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარის ავანგარდში იდგა. იმდენად აშკარა ტყუილებზე არიან გადასულები, ისედაც დაზიანებულ რეპუტაციას ბოლომდე ინულებენ ჩვენი მოქალაქეების თვალში.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრია დარჩენილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალადობრივ აქციებში მონაწილე ადამიანებზე მაქვს საუბარი, რომლებიც აცნობიერებენ თავიანთ დანაშაულს, უნდათ თანამშრომლობა და გარეთ გამოსვლა, თუმცა ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან ეშინიათ ამ ფაშისტური ბულინგის. ბრიუსელის და მათი აგენტურის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი ადამიანი დარჩეს ციხეში, რომ მეტი ჰედლაინი გაიტანონ, მეტი საინფორმაციო ხმაური ატეხონ. იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ბედავს ბევრი ადამიანი, რომ ბრალი აღიაროს, არის ის, რომ ამ ფაშისტური თავდასხმების ეშინიათ. ამაზრზენი იყო ეს ყველაფერი - მამები შვილებს მოუწოდებენ, რომ ციხეში დარჩითო და მამები შვილებს მოუწოდებენ, რომ არ გაბედოთ, შეწყალება არ დაწეროთ და დარჩენილი დრო ციხეში გაატარეთო. ეს ყველაფერი არაადამიანურია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

✕