ხმაური განათლების სამინისტროსთან - აქციის მონაწილეები სამინისტროს შენობაში შევიდნენ

აქცია სამინისტრო

განათლების სამინისტროში ხმაური იყო. აქციის მონაწილეები, განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რა მიზნითაც შენობაში შევიდნენ.

დაცვამ მათ შენობის დატოვებისკენ მოუწოდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

აქციაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ.

შეკრებილები აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე გამოცხადდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნინო მატარაძე აცხადებს, რომ კვოტების განაწილების გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სრულფასოვანი ფუნქციონირების შეჩერებას ნიშნავს.