"კაპიტანი გიგაური ნამდვილად მართალია იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტიკური პატიმარი... მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილიც მართალია - "საერთაშორისო საზოგადოება" სახელმწიფოს ინტერესებს არასოდეს ემსახურებოდა" - თორნიკე ფაღავა

თორნიკე ფაღავა

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა მიხეილ სააკაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაპირისპირებას ეხმაურება.

"ეს არის ის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ერთი მხრივ, კაპიტანი გიგაური ნამდვილად მართალია იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტიკური პატიმარი. ხოლო, მეორე მხრივ, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას, ისიც, თავის მხრივ, მართალია, რამდენადაც, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს არასოდეს ემსახურებოდა. ის ყოველთვის ორიენტირებული იყო თავის უცხოელ პატრონებზე და დამკვეთებზე და სწორედ ამიტომ ქართული საზოგადოების ნდობა ამ მდიდარი და გაზულუქებული NGO-ს მიმართ, არის ნულოვანი," - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.

"ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წინააღმდეგ - ექსპრეზიდენტისა და მისი პარტიის უკმაყოფილება ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სიას მოჰყვა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილი არ მოხვდა.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ანტი-მიშა კამპანიის გაგრძელებაა, რაც ამ ორგანიზაციის რეპუტაციას აზიანებს. თავის მხრივ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ამბობს, რომ ის პირები, რომლებიც სიაში მოხვდნენ, "ევროპის საბჭოს" საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.