ცნობილი ხდება ვერაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ფოტო

ვერაზე მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი საკუთარ სახლში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულმა სამართალდამცველების გამოჩენისთანავე ცეცხლი გახსნა და მათ წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა თითებზე.

დამამძიმებელ გარემოში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ნიკა კაპანაძეა დაკავებული. "კურიერის" ინფორმაციით, ის სხვადასხვა დანაშაულისთვის უკვე ნასამართლევია.

რაც შეეხება მოტივს, გავრცელებული ინფორმაციით, კაპანაძესა და ახალგაზრდებს შორის სროლამდე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ დაახლოებით ათამდე გასროლის ხმა გაიგეს, გარეთ გამოსულს კი დაჭრილი ახალგაზრდები დახვდათ.

შეგახსენებთ, სროლის დროს სულ ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.