კალაძე ენერგეტიკოსი არ არის, კალაძე არის ძალიან კარგი მენეჯერი - კახა კალაძე

კალაძე

სამშენებლო სამუშაოების დროს გამოიყენება ის ნორმები, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი. გამოძიება დაადგენს, რა იყო პრობლემა, რამ გამოიწვია ტრაგედია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „დავემორჩილეთ თუ არა საერთაშორისო ენერგოტექნიკური კომისიის წესებს ვაკის პარკის შადრევნის პროექტის განხორციელებისას“.

როგორც კალაძე განმარტავს, გამოძიება დაადგენს რა იყო პრობლემა, რა გაკეთდა და რა - არა.

„ყველა სამშენებლო სამუშაოს დროს გამოიყენება ის ნორმები, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, გამოძიება დაადგენს, რა იყო პრობლემა, რა იყო გაკეთებული, ან რა არა, რამ გამოიწვია ამხელა ტრაგედია და უბედურება. ერთად დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, როდესაც ექსპერტიზის დასკვნა იქნება“, - აღნიშნავს კალაძე.

კითხვაზე, „ენერგეტიკოსმა კალაძემ და მისმა მოადგილე ხმალაძემ, ამხელა გამოცდილებით როგორ ჩაიბარეს ასეთი პროექტი“, კალაძე განმარტავს: „კალაძე ენერგეტიკოსი არ არის, კალაძე არის ძალიან კარგი მენეჯერი, წარმატებული. ენერგეტიკის მინისტრობის დროს გუნდთან ერთად იმდენი გავაკეთეთ, რაც 70-იანი წლების შემდეგ არ გაკეთებულა“.

მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე „თუ ვინმეს ოდნავი ბრალეულობა გამოიკვეთება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა