ირაკლი ქადაგიშვილი: ვიცით უამრავი ფაქტი, როდესაც დასავლური ქვეყნები ვაჭრობენ რუსეთთან ფარული გარიგებებით და ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთს პირდაპირი სანქციები დავუწესოთ

ქადაგიშვილი

 პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა კვლევას, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

მისი თქმით, ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან ფარულად ვაჭრობენ, საქართველოს ავალდებულებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. ქადაგიშვილის შეფასებით, „მსოფლიომ სტანდარტი დაკარგა“.

„ვიცით უამრავი ფაქტი, როდესაც დასავლური ქვეყნები, მათ შორის ბალტიისპირა ქვეყნები ვაჭრობენ რუსეთთან ფარული გარიგებებით. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთს პირდაპირი სანქციები დავუწესოთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არა მარტო ეკონომიკური ძლიერი კოლაფსის მომასწავებელი იქნება, არამედ რუსეთთან პირდაპირი, მძიმე კონფრონტაციის დასაწყისიც“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ბრიტანეთში მომუშავე „საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევის თანახმად, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, 29 000-ზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია, რომლის საერთო ღირებულა 8 მილიარდ დოლარს აღწევს, რუსეთსა და ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგია.