„სასტუმროში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს...“ - რა გახდა ცნობილი ბლოგერის სიკვდილის მიზეზი - ახალი დეტალები

ბლოგერი

ბრიტანელი ბლოგერი ჯორდან ჯეიმს პარკი, რომელიც მრავალრიცხოვანი პლასტიკური ოპერაციების გამო „ტუჩების მეფედ“ იყო ცნობილი, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გამოცემა The Sun-ის ცნობით, გარდაცვალება შესაძლოა კიდევ ერთ პლასტიკურ პროცედურას უკავშირდებოდეს. ზუსტი მანიპულაცია ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ 18 თებერვალს ჩატარებული სილამაზის პროცედურის შემდეგ, რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საბოლოოდ გარდაიცვალა.

საქმესთან დაკავშირებით მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი — 43 წლის მამაკაცი და 52 წლის ქალი — დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბლოგერის გარდაცვალება ამ დროისთვის „აუხსნელად“ მიიჩნევა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, სავარაუდოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

ჯორდან ჯეიმს პარკი ცნობილი იყო სილამაზის პროცედურებისადმი დამოკიდებულებით. იგი ღიად საუბრობდა იმაზე, რომ კერპად მიიჩნევდა Kim Kardashian-ს და ცდილობდა, მაქსიმალურად დამსგავსებოდა მას. სხვადასხვა ინტერვიუში აცხადებდა, რომ დაახლოებით 50-მდე ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული და სრულყოფილი გარეგნობისკენ ისწრაფოდა.

პარკი კოსმეტოლოგიის სფეროშიც მუშაობდა და საკუთარ კლინიკას ფლობდა, სადაც კლიენტებს სხვადასხვა ესთეტიკურ პროცედურას უტარებდა. 2024 წელს იგი დააკავეს ხუთი შვილის დედის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით — ქალი ბრაზილიური დუნდულების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. თუმცა პარკისთვის ოფიციალური ბრალი არ წაუყენებიათ. იგი გაათავისუფლეს, თუმცა გარდაცვალებამდე მოგზაურობის შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.