დღეს დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის, შემთხვევის ადგილის დამთვალიერებელი გამომძიებელი, დაზარალებულები ისაუბრებენ ფიზიკურ და ქონებრივ ზიანზე - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე

თამარ ბეჟუაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 7 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. დაიკითხებიან მოწმეები. სხდომას ესწრება ბრალდებულთა ნაწილი. პროკურატურა ბრალდებულების ნაწილს ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება. ნაწილს კი მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის, შემთხვევის ადგილის დამთვალიერებელი მოწმე გამომძიებელი. ასევე, დაიკითხებიან დაზარალებულები - მათ შორის, ფიზიკური პირი - კაფე ბარ "შუა ქალაქის" მეპატრონე, რომელსაც მიადგა მატერიალური ზიანი. დაზარალებულები ისაუბრებენ მათთვის მიყენებულ ფიზიკურ და ქონებრივ ზიანზე.

უშუალოდ კაფეს მეპატრონე ბრძანებს, რომ დამწვარი იყო მთლიანად მისი ტერიტორია და მიადგა 20 000 ლარამდე მატერიალური ზიანი. ასევე, დაიკითხება დაზარალებული ქალბატონი, რომელსაც ფიზიკური დაზიანება მიადგა.

ბრალდების მხარემ გამოიკვლია ძირითადი მტკიცებულებები - ვიდეოჩანაწერები, დაიკითხნენ მოწმეები, ექსპერტები, ტრასოლოგები, სასაქონლო ექსპერტები, დაზარალებულები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მიიღეს ფიზიკური და მატერიალური ზიანი, ასევე, განსაზღვრულია უშუალოდ, ღობის დაზიანების ფაქტი. შესაბამისად, ყველა ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება დადასტურდება", - აცხადებს პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი.