ირაკლი კობახიძე: შარშან ათასი მოქალაქით მეტი დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა, ეს არის მცირე გაუმჯობესება, თუმცა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს

ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლას, ამ კუთხითაც არ გვაქვს სახარბიელო მაჩვენებლები, ზოგადად, რაც შეეხება დემოგრაფიას, არის ერთადერთი მსხვილი სფერო, სადაც გვაქვს უარყოფითი ტენდენციები და მაჩვენებლები არ არის სახარბიელო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შარშან საქართველოს ჰქონდა დამაიმედებელი სტატისტიკა; პირველად მოხდა 2020 წლის შემდეგ ისე, რომ ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ გადააჭარბა საქართველოდან გასული მოქალაქეების რაოდენობას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დიდი სხვაობა არ იყო, საუბარია 1 000 მოქალაქეზე, თუმცა ასეთი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა.

„1 000 მოქალაქით მეტი დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ეს არის მცირე გაუმჯობესება, თუმცა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდის გაგრძელებასთან ერთად ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ამ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც აუმჯობესებს დემოგრაფიულ ტენდენციებს, შესაბამისად, იმედი გვაქვს, მომდევნო წლების განმავლობაში ეს დადებითი დინამიკა გაგრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.