ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1776153678
16-წლიანი ავტოკრატიული მმართველობის შემდეგ გამბედავმა უნგრელმა ხალხმა ნამდვილად შეძლო და დაწერა ისტორია, როგორ შეიძლება, არჩევნების, მშვიდობიანი გზით შეცვალო ხელისუფლება, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „მიუხედავად არათანაბარი პირობების, ავტოკრატიული რეჟიმისა, არჩევნები მაინც არის ერთადერთი და ყველაზე სწორი გზა ხელისუფლების შესაცვლელად“.
„პირველ რიგში, ვულოცავ ოპოზიციურ პარტია „ტისას“ და მის ლიდერს, ზოგადად უნგრელ ხალხს ამ დიდ ისტორიულ გამარჯვებას. 16-წლიანი ავტოკრატიული მმართველობის შემდეგ ამ გამბედავმა ხალხმა ნამდვილად შეძლო და დაწერა ისტორია, როგორ შეიძლება, არჩევნების, მშვიდობიანი გზით შეცვალო, მათ შორის ხელისუფლება. თანაც ეს გააკეთო ისე, რომ არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ აშკარა უმრავლესობა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვო. საქართველოს რეალობას რაც შეეხება, პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად მსგავსებებისა და, რა თქმა უნდა, არის მსგავსება ავტოკრატიულ მიდგომებს შორის, არსებობს დიდი სხვაობებიც. მთავარი სხვაობა არის ის, რომ საქართველო, სამწუხაროდ, ჯერ არ გახლავთ არც ევროკავშირის, არც ნატო-ს წევრი. სწორედ ამ გზისკენ მივდივართ ჩვენ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით საქართველოს არ იცავს ევროპული სტანდარტები და ის ვალდებულებები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყანას აქვს.
მეორე – ჩვენგან განსხვავებით, უნგრეთის პირდაპირი მეზობელი არ არის რუსეთი, მას რუსეთთან ომი არ ჰქონია, რაც ჰქონდა საქართველოს, მათ შორის 2008 წელს. კიდევ არის სხვაობა, რომელიც უკავშირდება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ხშირად იყენებს არა საკუთარ სიძლიერეს, არამედ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის ფაქტორს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ მიუხედავად არათანაბარი პირობების, ავტოკრატიული რეჟიმისა, არჩევნები მაინც არის ერთადერთი, ყველაზე სწორი გზა ხელისუფლების შესაცვლელად. ეს არის ზუსტად ის გზა, რაც აირჩია ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ. გვიხარია, რომ ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა უნგრეთის მაგალითზე. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ასეთ ვითარებაში, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ვითარება უნგრეთთან შედარებით, კიდევ უფრო მძიმეა, მეტი მუშაობა, მობილიზება გვმართებს, რათა რაც შეიძლება მეტი იყოს ოპოზიციური ამომრჩეველი, ამომრჩეველი, რომელიც ხვდება, რომ „ოცნებისთვის“ ხმის მიცემა აღარ შეიძლება. უნდა გვესმოდეს და რეალობას თვალებში ჩავხედოთ, რომ დღეს რა პირობებშიც ვართ, სამწუხაროდ, მცირე უპირატესობა აღარ არის და არ არის საკმარისი არჩევნებში გამარჯვებისთვის. საგრძნობი უპირატესობაა საჭირო, რათა ისეთი ტიპის ავტოკრატიულმა რეჟიმმა, როგორიც არის „ოცნება“ და როგორიც იყო ორბანის რეჟიმი უნგრეთში, ვერანაირი მანიპულაციით ვეღარ შეძლოს არჩევნების გაყალბება, შედეგების საკუთარ თავზე მიწერა. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ხანგრძლივი გზა და გაცილებით მეტი მუშაობა, შრომა, ბრძოლა სჭირდება. სამწუხაროდ, ეს არის გზა, რომელიც მოითხოვს უფრო მეტ დროს. ჩვენ, ყველას გვინდა ცვლილებები დღესვე, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. უნგრეთის მაგალითმაც დაადასტურა, რომ ამას ჭირდება გაცილებით მეტი დრო. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი საზოგადოებას ჰპირდება მყისიერ ცვლილებებს. ხშირად ეს არის მშვიდობიანი დამხობის, რევოლუციის, სხვადასხვა ტიპის რადიკალური ქმედების გზით. ამასობაში კიდევ უფრო მეტი დრო იკარგება. ამიტომ, ჩვენი გზა რჩება ის, რაც გვაქვს არჩეული, თავიდანვე გაცხადებული, რომ არჩევნების გზით, ნებისმიერ პირობებში შეიძლება ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
კითხვაზე, „ორ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა და რა შეიცვალა“, შარაშიძემ უპასუხა:
„ბოლო არჩევნებზე, მუნიციპალურ არჩევნებზე თუ ვსაუბრობთ, კარგად იცით, როგორ ისარგებლა მაშინ ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა საზოგადოების გულწრფელი, სამართლიანი აღშფოთებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ, ამ ფონზე, როგორ მოხდა მასობრივი ბოიკოტის კამპანიის წარმოება. რა თქმა უნდა, იმ პირობებში ძალიან რთული იქნებოდა საგრძნობი უპირატესობის მოპოვება. კარგად იცით, რომ მაინც შევძელით საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში ჩვენი წარმომადგენლის გაყვანა საკრებულოებში. დღეს უკვე ყველა საუბრობს, რომ ხალხს უნდა ელაპარაკო ადგილობრივ პრობლემებზე, ამ დროს, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა სწორედ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე, ანუ ადგილობრივ საკრებულოებზე თქვა უარი. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. გახსოვთ, ამ ბოიკოტის გამო, 64-ვე მუნიციპალიტეტი გადაეცა „ოცნებას“, რითაც საკუთარი ძალა კიდევ უფრო გაიძლიერა“.