გიგი თევზაძე: როგორც ჩანს, სახდეპი არ ენდობა ამ გაერთიანებას, რომელიც დღეს არსებობს - ოპოზიციამ აშშ-ს იმდენად ვერ გააგებინა რა უნდა, რომ ისინი იძულებული გახდნენ, ჩამოვიდნენ და ილაპარაკონ, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში

გიგი თევზაძე

როგორც ჩანს, ახლანდელი მდგომარეობით, სახდეპი არ ენდობა ამ გაერთიანებას, რომელიც დღეს არსებობს. ეს ამას ნიშნავს, მეტს არაფერს ნიშნავს, - ასე აფასებს ილიაუნის ლექტორი, გიგი თევზაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას, რომელიც ამერიკის საელჩომ გაავრცელა.

თევზაძის თქმით, ოპოზიციამ აშშ-ს ვერ გააგებინა რა უნდა, ამიტომ, ისინი იძულებული გახდნენ საქართველოში ჩამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

„ძალიან დიდი ხანია ვამბობ და ვამბობდი სულ, რომ რა თქმა უნდა, ამერიკის სტრატეგიულ ინტერესში არის საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა. ბოლოს, იმ ვითარებამდე მოვედით, რომ ოპოზიციამ იმდენად ვერ გააგებინა აშშ-სა და სახდეპს, რა უნდა, რომ ესენი იძულებული გახდნენ, რომ ჩამოვიდნენ და ილაპარაკონ, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, ფაქტობრივად, ეს ამას ნიშნავდა. რა თქმა უნდა, თავისი გაფრთხილებებით მეორე მხარს,“ - აღნიშნა თევზაძემ.
მისივე განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმებას არსებული ვითარება დაახლოებით ჰგავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში იმედი აქვს, რომ მარკო რუბიო „თვალს ყველაფერზე არ დახუჭავს“.

„თუმცა, იმისთვის ვინც ელოდა რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან თითებს დაუქნევდნენ, დააბაკუნებდნენ - არ აქვთ მათ იმის დრო, რომ საქართველოში კიდევ ერთი დაპირისპირების ცენტრი გახსნან,“ - განაცხადა გიგი თევზაძემ.

თევზაძეს იმედი აქვს, რომ ამერიკული მხარე მომდევნო არჩევნებზე ზეგავლენას მოახდენს, ანუ „გააკონტროლებს“ მას, რათა გაყალბება არ დაუშვან.

„საბოლოოდ ასე ჩანს, რომ მოდი, რაღაცნაირად მოვილაპარაკოთ, მოდი, ვაიძულოთ რომ არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც შევიდეს პარლამენტში და მერე ვნახოთ. იმიტომ, რომ მათ [აშშ-ს] აშკარად სჭირდებათ ვიღაცები, ვისთანაც დაილაპარაკებენ და ეს ვიღაცები იქნებიან ხალხის მიერ არჩეულები. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, ისინი შეეცდებიან, არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინონ ანუ, გააკონტროლონ და გაყალბება არ დაუშვან. მე ვფიქრობ, რომ რუბიოს ხალხი ასე ფიქრობს დღეს, რომ ასე უნდა მოხდეს“, - აცხადებს გიგი თევზაძე.